(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურიის კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ თურქია თქმით, 25 სექტემბერს, თბილისში, კარატე-დოში კავკასიის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 10 აღსაზრდელი მონაწილეობდა. ჩემპიონატი ლანჩხუთელებისთვის წარმატებული გამოდგა:
_ სეზონის მეორე ეტაპი განახლდა და საერთო ჯამში 11 მედლის მოპოვება შევძელით. ამათგან 6 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაოა. შეჯიბრება ორ კატეგორიაში გაიმართა: წონითსა და აბსოლუტურში. პირველადგილოსნები გახდნენ: გიორგი ჩხაიძე (მან ორი პირველი ადგილი მოიპოვა), გუგა ივანაშვილი, გიორგი კეჭახმაძე, ზაურ ჩხაიძე, ნანა ჩხაიძე. მეორეზე გოტო ჩხაიძე (მან ორი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო), გოგიტა მახარაძე გავიდნენ. ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დათო ჩაქსელიანმა, იაგო კოსტავამ მოიპოვეს.
თურქიას თქმით, ჩემპიონატში მონაწილეთაგან უმრავლესობა (6 ბავშვი) მამათის სკოლის აღსაზრდელია: _ ამ ბავშვებს, უკვე ერთი წელია, ინსტრუქტორი მანუჩარ ჩხაიძე ავარჯიშებს. მათ კავკასიის ჩემპიონატზე 6 სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს. ეს წარმატება მამათის სკოლის დირექტორის, გოჩა ებრალიძის დიდი ხელშეწყობით მოხდა. ბავშვებს ასევე გვერდით დაუდგა მამათის სოფლის ხელმძღვანელობა, რომელმაც მათ დარბაზი გამოუყო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლანჩხუთელი სპორტსმენებიდან კავკასიის თასზე ყველაზე უფროსი 13 წლის, ხოლო ყველაზე უმცროსი 7 წლის გახლდათ.
ჩემპიონატის მთავარი არბიტრი ლეგენდარული ოსტატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უმაღლესი, მეათე დანის მფლობელი, ილია იორგა გახლდათ. ცნობილმა კარატისტმა ჩემპიონატის გახსნის წინა დღეს სპეციალური სემინარი გამართა, როგორც სამსაჯო, ასე სამწვრთნელო დარგში. სემინარზე მერაბ თურქია სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.