სოფელი ბუკისციხე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მეტრზე მდებარეობს.
სოფელი ცნობილია იმავე სახელწოდების ფეოდალური ხანის ციხესიმაგრით, რომელსაც თამარის ციხესაც უწოდებენ.
უძველესი სამშენებლო ფენა ადრეფეოდალური ხანისაა, უახლესი _ გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხე 1811 წლამდე მოქმედი იყო _ (გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიასთან შეერთებამდე) და აკონტროლებდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას. ციხის შიგნით დგას ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია.
ციხე მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე. ამ ადგილებში, ე.წ."გურიის ტბასთან" ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.
ამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვითა და ტერიტორიულად არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაღალ ბორცვზეა განლაგებული და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1964 წელს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე აღმოჩენილია ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე კიბის დიდი ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული _ საბრძოლო. კოშკი არქიტექტორმა კ. მელითაურმა VI-VII საუკუნის ძეგლად მიიჩნია.
ციხის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ეკლესიის მხოლოდ ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებია შემორჩენილი. შესასვლელი გამოვლენილია დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. ეკლესიას სწორი აფსიდა აქვს. ძეგლის შიდაპირი მოპირკეთებულია. არქიტექტურული მონაცემებით, ეკლესია ადრეული შუა საუკუნეების ბოლო ეტაპით თარიღდება.
ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზეობდა. 1774 წელს ბუკისციხე ლიხაურის ციხესა და ასკანის ციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ II-მ უკან დაიბრუნეს. ისტორიულ წყაროებში სახელი ბუკისციხე XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან მოიხსენიება.
სოფელში ყოველწლიურად აღინიშნება ბუკისციხელობა. ამ დღეს ამ ისტორიულ და ულამაზეს სოფელს ბევრი ადამიანი სტუმრობს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო.
ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. ფეხბურთი, ფრენბურთი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ცურვა _ შეჯიბრებებში ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
სოფლის დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომლის შემდეგ ტრადიციულად, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:
ნომინაციაში "განახლებული კერია" გელა ეზიეშვილი დაჯილდოვდა. სიგელით და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ რუსუდან ონიანი და ქეთევან ხაბეიშვილი ნომინაციაში _ "ვემსახურები ბუკისციხეს" გამარჯვებულები.
საპატიო ბუკისციხელის წოდება წელს სამ ადამიანს ერგო _ ზაურ ქორიძეს, ლერი სიხარულიძეს და გიორგი ცინცაძეს. აღსანიშნავია, რომ ლერი სიხარულიძე და გიორგი ცინცაძე გარდაცვლილები არიან და ეს საპატიო წოდება ახლა მიენიჭათ. ნომინაციაში "ღვაწლმოსილი პედაგოგები" დაჯილდოვდნენ: მაყვალა ოსეფაიშვილი, ცავლინა მგალობლიშვილი, ადელიკო მგელაძე და ზინა ცეცხლაძე. ნომინაციაში "ახალდაქორწინებულები" _ ვახტანგ ჯინჭარაძე, ჯანიკო სიხარულიძე, გელა სიხარულიძე და მიხეილ რამიშვილი.
ნომინაციაში "მომავალი ბუკისციხელი" 6 პატარა დაჯილდოვდა _ საბა შარაშიძე, ლაშა კალანდაძე, გიორგი კალანდაძე, გიორგი მამალაძე, თავით თევზაძე და მართა ქორიძე.
ნომინაცია "მართლა დედა" გაიმარჯვეს _ მაია მამალაძემ და ნინო სიხარულიძემ.
დასახელდნენ უხუცესი ბუკისციხელები _ შოთა სიხარულიძე, როსტომ სიხარულიძე, ნათელა სიხარულიძე, გუგული სიხარულიძე, გუგული სიხარულიძე-კოტრიკაძე, ლავროსი ჩხიკვაძე, ეთერ სიხარულიძე, დარეჯან დიდია და ზიზანა გიორგაძე.
ასევე, დაჯილდოვდნენ ნოდარ სიხარულიძე და ნინო სიხარულიძე.
წლევანდელ ბუკისციხელობაზე, ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ისნის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ბუკისციხის სახელი მიენიჭა.