ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართა, 21 საკითხი განიხილეს. მწვავე განცხადებები მოჰყვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის და საშტატო ნუსხის დამტკიცებას. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის სოფლებში რწმუნებულის ინსტიტუტი გაუქმდა და მის ნაცვლად გამგებელს თავისი წარმომადგენელი ეყოლება. ასევე, თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, გამგებლის წარმომადგენლებს არ ეყოლებათ თანაშემწეები და სპეციალისტები.
დეპუტატმა კახა ასკურავამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ვახტანგ ზენაიშვილს კითხვით მიმართა. ასევე, გააკეთა განცხადება, რომ ერთი წარმომადგენელი სოფელში ვერაფერს გააკეთებს.
_ კარგი იქნებოდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ყოფილიყო საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ თქვენგანაც მივიღებ პასუხს. მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით მოხდა სოფლებში რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმება და გამგებელს სოფელში ეყოლება წარმომადგენელი _ რამდენად სწორად მიგაჩნიათ ახალი რეგულაციების შემოღება? ასევე, მაინტერესებს, სამსახურიდან გათავისუფლებულებს ვთავაზობთ თუ არა რაიმე ალტერნატიულ სამსახურს, რადგან ამ ხალხის უკან დგას ოჯახები, ბანკის კრედიტები და ა.შ. _ თქვა ასკურავამ.
_ იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შოთა ჩაგუნავა გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს, რადგან ის არის მომხსენებელი. მე რასაც ვიტყვი, ეს იქნება ჩემი მოსაზრება. მინდა გითხრათ, ეს ხდება კანონის ფარგლებში და ჩემს მოსაზრებას რამე გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია, _ თქვა ვახტანგ ზენაიშვილმა.
რადგან სხდომას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე თბილისში ყოფნის გამო არ ესწრებოდა, რამდენიმე საკითხზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა ჩაგუნავამ ისაუბრა. ჩაგუნავა საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
_ მე მიღებული კანონის შეფასებას არ ვაპირებ, ეს არ შედის ჩემს მოვალეობაში. ამ საკითხის განხილვა შეგიძლიათ დეპუტატებს, _ თქვა ჩაგუნავამ.
კახა ასკურავას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გაკრიტიკება არ არის ცუდი და ეს ყველამ უნდა გაიგოს: _ ძალიან ცუდია, რომ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. მე ამ საკითხს მხარს არ ვუჭერ, _ თქვა ასკურავამ.
დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ლანჩხუთში არის სოფლები, სადაც ოთხი ან სამი თემი შედის და იქ ერთი წარმომადგენელი ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებს:
_ ახალი თვითმმართველობის კანონით თუ ვიმსჯელეთ, საერთოდ უფუნქციოდ არიან ეს წარმომადგენლები დარჩენილები _ არანაირი იურიდიული ძალა მათ არ გააჩნიათ, ელემენტარულად, ბეჭედის დარტყმა არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ეს ხალხი ვერ გაართმევს თავს თავის საქმიანობას და ხელისუფლება შეეცდება შემდეგ გაზარდოს შტატები სოფლებში.
_ სამწუხაროდ, თვითმმართველობის კოდექსში სიტყვა _ "სოფელი", აღარ არსებობს. 2017 წელს საერთოდ ამოგდებული იქნება სოფელი და დარჩება უყურადღებოდ. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს დღევანდელი რეალობიდან. წარმომადგენელი _ ეს იქნება უბრალოდ კურიერი, რომელიც ინფორმაციას მიიტანს ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ჩემი აზრით, სოფელი არის უკვე მოწყვეტილია რეალობას, _ თქვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, ამჟამად დეპუტატმა გიორგი გოგუაძემ.
დეპუტატი ია ჩხაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლება ახალ ვარიანტზე იმუშავებს:
_ ძალიან ძნელი იქნება საქმის გაკეთება, როდესაც სოფელს ეყოლება ერთი წარმომადგენელი. შორს არ წავალ და ქალაქ ლანჩხუთის მაგალითს მოგიყვანთ, სადაც ხუთი საარჩევნო უბანია, სოფელ მაჩხვარეთში კი _ ერთი უბანი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაჩხვარეთში ერთი წარმომადგენელი უფრო გაართმევს თავს საქმეს, ვიდრე ქალაქში. პრაქტიკულად, ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ქალაქში ყველაფრის გაკეთებას. იმედი მაქვს, მოხდება ცვლილებები. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე მომდევნო სხდომებზე.
დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე ამბობს, რომ ეს საკითხი აუცილებლად ცალკეუნდა დადგეს დღის წესრიგში და ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ხალხის აზრი უნდა იყოს გასათვალისწინებელი.
საბოლოო ჯამში, საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე გამოტანილი ყველა საკითხი დაამტკიცეს.