18 აგვისტოს, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს დეპუტატმა თემურ სალუქვაძემ პოლიციის მიერ მოქალაქეების დაბარების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: "მინდა გამოვხატო ჩემი, როგორც მოქალაქისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის დამოკიდებულება გავრცელებული ინფორმაციის მიმართ, რომ თითქოს ქვეყნის დატოვების მოთხოვნით, რაიონში მაცხოვრებელი ადამიანების დაბარებები მიმდინარეობს, ვიმედოვნებ, რაღაც გაუგებრობაა", _ თქვა სალუქვაძემ.
მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგი სიორიძემ დეპუტატებს მიმართა:
"მე არ ვარ უფლებამოსილი პირი ჩავერიო შსს-ს საქმიანობაში, თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ პოლიცია არავის დევნის, არავის არ აპატიმრებს, არც ერთი ადამიანი არ იქნება უდანაშაულოდ დაკავებული", _ განაცხადა სიორიძემ.
აღნიშნულ სხდომაზე დაამტკიცეს ფრაქციები _ “ოზურგეთის მომავლისათვის“ და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. განიხილეს 34 საკითხი, საკრებულოში არსებული კომისიების დებულებები და ა(ა)იპ -ების წესდებები დაამტკიცეს.
ქალაქ მერიის სამსახურების უფროსებმა, თავიანთი სამსახურების დებულებების შესახებ ისაუბრეს, აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
სხდომის ბოლოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც დაამტკიცეს.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ სასტუმრო "გურიას" შენობის საკითხი დასვა _ რა გეგმები აქვთ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებსა და ქალაქ ოზურგეთის მერს, რაზედაც ბეგი სიორიძემ უპასუხა, რომ ამ მასშტაბის სასტუმრო არ იქნებოდა მორგებული და უპრიანი ქალაქ ოზურგეთისთვის და უკეთესი იქნება ერთ სივრცეში განთავსდეს ქალაქის მერია, საკრებულო და ასევე ა(ა)იპ რაც, მისივე თქმით, პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის იქნება ხელსაყრელი.