(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგებლის მოადგილედ კახა ასკურავა ბრუნდება! იგი ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2007 წელს დაინიშნა _ ერთი წლის მანძილზე ლევან გიორგაძის მოადგილე გახლდათ. მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის გამგებლად გია გოგუაძე დაინიშნა, ასკურავა გუბერნატორმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თავის მოადგილედ გადაიყვანა. მან თანამდებობა ვალერი ჩიტაიშვილის დანიშვნის შემდეგაც შეინარჩუნა და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ, სამხარეო ადმინისტრაციიდან ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად გადავიდა. კულუარებში ამბობდნენ, რომ ასკურავა პოლიტიკიდან “მოიშორეს”, თუმცა, თავად ამას კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ თავად სურდა სამედიცინო სფეროში გადასვლა. სხვათა შორის, ამ ინფორმაციას კულუარებშიც ადასტურებდნენ, მაგრამ ყველას უკვირდა, რატომ არჩია “პოლიტიკით მოწამლულმა” ჩინოსანმა სამედიცინო სფეროში გადასვლა. ცნობილი ფაქტია, რომ ასკურავა იუსტიციის ექს-მინისტრის ნიკა გვარამიას და მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას კადრია, მას ახლო ურთიერთობები აქვს გავლენიან პარლამენტარ კახი ანჯაფარიძესთან. ამ ფონზე, მით უფრო გასაკვირი იყო ასკურავას გადაწყვეტილება, თუმცა, ბოლოს გახმაურდა, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძესთანაც. ალბათ, ამ ფაქტს უკავშირდება ხმები, რომ მინისტრის მოადგილედ გადაჰყავდათ, თუმცა, ის კი დადასტურდა, რომ ასკურავა პოლიტიკაში ბრუნდება.
როგორც სახელისუფლო წყაროები ფიქრობენ, ეს გადაწყვეტილება გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა მიიღო, რითაც იგი ლანჩხუთური გავლენების გაძლიერებას შეეცდება. კახა ასკურავა სწორედ გუბერნატორთან დაახლოებულ პირად ითვლება და ისიც ცნობილია, რომ ლანჩხუთის პირველ პირებთან არც თუ კარგი ურთიერთობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ასკურავა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ვარდების რევოლუციის” აქტიური მხარდამჭერი გახლდათ და სწორედ მაშინ დაუკავშირდა გვარამიას, ზოდელავას, ანჯაფარიძეს და ჟანი კალანდაძეს. მოგვიანებით, ასკურავა ოპოზიციაში გაჰყვა ლანჩხუთის მაჟორიტარ ბიძინა გუჯაბიძეს (მისი ბიუროს უფროსი გახლდათ) და სკანდალური განცხადებებით გაითქვა სახელი, თუმცა, შემდეგ, ოპოზიცია ზედ წინასაარჩევნოდ დატოვა და დამოუკიდებელ კანდიდატად მშობლიურ ნიგოითში იყარა კენჭი. თუმცა არჩევნები “ნაციონალების” სიით მონაწილე კანდიდატთან წააგო, ამ კანდიდატის შერჩევას კი მაშინდელ გამგებლის რევაზ ჩიტიძის სახელს უკავშირებენ _ სწორედ მას შეურჩევია ასკურავას კონკურენტად ძლიერი კადრი. ამის გამო ასკურავა-ჩიტიძის ურთიერთობები გაცივდა. თავის დროზე, “რევოლუციონერებს” ჩიტიძის კანდიდატურა სწორედ ასკურავამ შესთავაზა. ასკურავას რეკომენდაციით დანიშნული სხვა კადრები დღესაც მაღალ თანამდებობებზე რჩებიან. რაც შეეხება გამგებელ გოგუაძესთან ასკურავას ურთიერთობებს, ის “თბილი” არც არასდროს ყოფილა _ თავის დროზე ასკურავას კანდიდატურა სახელდებოდა ლანჩხუთის გამგებლის თანამდებობაზე, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა გია გოგუაძე. მათ ერთად მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავეს _ ნიკოლაიშვილმა ასკურავა თავისთან გადაიყვანა.
ჩვენთან საუბარში კახა ასკურავამ ინფორმაცია მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ არც დაადასტურა და არც უარყო: “ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. ამჟამად ვარ საავადმყოფოში და ვმუშაობ,” _ გვითხრა მან.
მართალია, თავის დროზე, მან გუბერნატორის მოადგილეობიდან საავადმყოფოში გადასვლის შესახებ ინფორმაციაც არ დაადასტურა, მოგვიანებით კი გვითხრა, რომ ეს სულაც არ იყო “ჩამოლაბორანტება”, მაგრამ ახალ თანამდებობაზე დანიშვნით გამოჩნდა, რომ მისი “მიზანი პოლიტიკიდან მედიცინაში წასვლა” არ ყოფილა. სხვა შემთხვევაში, ლოგიკას მოკლებულია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდე და ვიცე-გუბერნატორზე უფრო დაბალ თანამდებობაზე! ყოველივე კი ტოვებს დიდ ეჭვს, რომ გურიის პოლიტიკაში ინტრიგები მატულობს _ კახა ასკურავას ლანჩხუთის გამგეობაში დაბრუნებაც მართლაც დიდი ინტრიგაა!