ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელად ეკა ნინიძე უკვე დაინიშნა. ამ საკადრო ცვლილებას კი მაკა ჭყონიას განთავისუფლება მოჰყვა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემების სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელად კი თემურ მოქიას კანდიდატურა იხილება.
ეკა ნინიძის და მაკა ჭყონიას დაპირისპირება 2012 წლის ივლისის თვეში დაიწყო. ნინიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:
"დღეს გამოშვება გვქონდა ბაღში. სტუმრების ერთი ნაწილი, მათ შორის, სკოლამდელი სასწავლო სააღმზრდელო ცენტრის დირექტორიც, მხოლოდ იმიტომ არ გვესტუმრა, რომ აღმზრდელი ოპოზიციონერია.
მე ყველას მინდა, გითხრათ, ყველაზე დიდი მარაზმი ისაა, ამ ერთ მუჭა ქვეყანას პოზიცია-ოპოზიციად რომ ყოფთ. მე მრცხვენია ამ ქვეყანაში ცხოვრების, სადაც პროფესიონალიზმზე მაღლა პოლიტიკური მრწამსი დგას. აი, ახლა, დღეს, 30 ივნისს, 2012 წელს, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: დიპლომი, გინდ წითელი იყოს და გინდ ლურჯი, სასწავლებელი და უმაღლესი განათლება, თავისი ხარისხებით, განათლებისა და ინტელექტის გარანტი არ არის. ჩემო პატარებო, რაც მთავარია, თქვენ არაფერი დაგკლებიათ, დააკლდა მათ, ვინაც თქვენი კეთილი ენერგია ვერ მიიღო დღეს. თუ მათ თქვენ არ უყვარხართ, ეს მათთვის არის უარესი. თქვენ მართლა შექმნით დიდ და ნათელ მომავალს, მონები კი მონებად დარჩებიან."