გურიას სხვადასხვა დროს მრავალი გამოჩენილი ისტორიკოსი სწავლობდა, მათ შორის, პირველია დიდი ქართველი ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი, რომელიც მე-17, მე-18 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. მან დაგვიტოვა ნაშრომი, რომელსაც "ახალი ქართლის ცხოვრება" ეწოდება. ეს ნაშრომი რამდენიმე ვარიანტითაა ცნობილი. ბერი ეგნატაშვილი თავის დროის ისეთი გამოჩენილი ისტორიკოსი იყო, რომელიც ვახტანგ მეექვსემ "სწავლულ კაცთა" კომისიას ჩაუყენა სათავეში. ამ კომისიას მე-14 საუკუნემდე შეწყვეტილი ქართლის ცხოვრების გაგრძელება ევალებოდა. "სწავლულმა კაცებმა" ამ უდიდეს ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს და "ქართლის ცხოვრება" მე-18 საუკუნის დამდეგამდე მოიტანეს.
ამ ნაშრომში გურიის სამთავროს ისტორიაც მეცნიერულად არის გამართული და მრავალი ასპექტით ამ მხარის ისტორიას ჰფენს ნათელს, ასეთი შემზადებული დახვდა ჩვენი ქვეყნის ისტორია ვახტანგ მეექვსის შვილს, ვახუშტი ბაგრატიონს, რომელმაც კარგად გამოიყენა წინამორბედთა გამოკვლევები და არამარტო საქართველოს ისტორია, არამედ პირველად აღწერა საქართველო საისტორიო გეოგრაფიის თვალსაზრისით. საინტერესოა, რომ ვახუშტი გვიან შუასაუკუნეების საისტორიო მწერლობაში პირველია, ვინაც საფუძველი დაუდო საისტორიო გეოგრაფიას.
ვახუშტის უნიკალური ისტორიულ–გეოგრაფიული ნაშრომი, რომელსაც ეწოდება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" 1941 წელს გამოიცა ქართველი ისტორიკოსების _ თამარ ლომოურისა და ნიკო ბერძენიშვილის რედაქციით. ამ ნაშრომში საგანგებო ადგილი ეთმობა გურიის ისტორიულ-გეოგრაფიულ აღწერას, რომელიც ისეთ ცნობებს შეიცავს, რომელთა მნიშვნელობა გურიის წარსულის შესაცნობად ძალიან მნიშვნელოვანია.
გურიის წარსულის შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ისეთ ბრწყინვალე ისტორიკოსს, როგორიც დიმიტრი ბაქრაძეა, რომელიც რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო (დაიბადა 1826 და გარდაიცვალა 1890 წელს), მაგრამ ამ მოკლე დროშიც ძალიან ბევრი რამ მოასწრო. დიმიტრი ბაქრაძის იმ ნაშრომთა შორის, რომელიც გურიას ეძღვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაშრომი "მოგზაურობა აჭარასა და გურიაში". ეს წიგნი 1878 წელს გამოიცა რუსულად სანკპეტერბურგში და ღირსეულადაც დაფასდა. ამ წიგნის წყალობით შეიყვანეს იგი რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიაში. დიმიტრი ბაქრაძემ 1873 წელს მოიარა გურია და აჭარა (აჭარის წყლის ხეობა) და უძვირფასესი ცნობები შეკრიბა ამ მხარეთა ისტორიისთვის. როგორც გადმოგვცემენ, ბაქრაძე ყოველ სოფელში, პირველ ყოვლისა ეკლესიას მოიკითხავდა, მის სიძველეებს სწავლობდა, გადმოჰქონდა ხატებზე არსებული ამა თუ იმ ხანის წარწერები, იქნებოდა ეს მხედრულით შესრულებული თუ ნუსხა–ხუცურ–ასომთავრულით, ურთავდა განმარტებებს და აშუქებდა ისეთ საკითხებს, რომელიც მანამდე არავის შეესწავლა. აღნიშნული წიგნი გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართულად თარგმნა ოზურგეთის მკვიდრმა არჩილ ტოტოჩავამ. წიგნი გამოიცა 1987 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტ დავით ხახუტაიშვილისა და საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს იური სიხარულიძის რეცეზენტობით,. რედაქტორი _ ხარიტონ ახვლედიანი (აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი დირექტორი).
მნიშვნელოვანი მასალა შეაგროვა გურიის სამთავროს მე-17 საუკუნის ისტორიის შესწავლისთვის მ. თამარაშვილმა. მან დაწვრილებით განიხილა მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში გურიის სამთავროში კათოლიკობის გავრცელების ცდების ისტორია.
1897 წლის ზაფხულში გურიაში იმოგზაურა ცნობილმა ქართველმა მწერალმა და ეთნოგრაფმა თედო სახოკიამ. მან მოიარა და აღწერა: ნატანები, მერია, გურიანთა, ვაშნარი, ოზურგეთი, გომი, ეწერი, ნაგომარი, აკეთი, ბახვი, ვაკიჯვარი, ბახმარო და გურია–აჭარის სასაზღვრო ზოლი. თ. სახოკიას მოგზაურობა-აღწერა მნიშვნელოვანი წყაროა არა მარტო XIX საუკუნის საქართველოს ეკონომიური ისტორიისა, არამედ უფრო ადრინდელი პერიოდის ისტორიის შესწავლისთვისაც. მეცნიერ–ეთნოგრაფი თ. სახოკია ყოველი პუნქტის ან ძეგლის აღწერასთან ერთად იძლევა მათ მოკლე ისტორიულ ნარკვევს (ქ. ჩხატარაიშვილი).
ზაქარია ჭიჭინაძემ 1896 წელს იმოგზაურა გურიაში და დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. თავის პატარა წიგნაკებში ზ. ჭიჭინაძემ შთამომავლობას შეუნახა მრავალი ისეთი დოკუმენტის ასლი ან შინაარსი, რომელთა უმრავლესობა დღეს აღარ არსებობს. გარდა ამისა, ზ. ჭიჭინაძემ გურიასა და აჭარაში ჩაიწერა ხალხური ზეპირი გადმოცემების იშვიათი ნიმუშები, რომელთაგანაც განსაკუთრებით საყურადღებოა მდიდარი ფოლკლორული მასალა. ქვემო გურიასა და სამცხე-საათაბაგოში თურქთა დამკვიდრებისა და ამ მხარის მოსახლეობის გამაჰმადიანების შესახებ (ქ. ჩხატარაშვილი).
გურიას იკვლევდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ნიკო მარი (1864-1934). ის შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფოლკლორი, გეოგრაფიული სახელები, სატომო ურთიერთობანი. ნიკო მარს გვერდს უმშვენებდა მისი სიყრმის მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953). ისინი ერთად სწავლობდნენ ჯერ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ქუთაისის სასულიერო გიმნაზიაში. ისინი ერთად უნდა გამგზავრებულიყვნენ პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ნიკო მარმა უარი განაცხადა იმ წელს გიმნაზიის დამთავრებაზე და ერთი წლით კიდევ დარჩა გიმნაზიაში, ხოლო ექვთიმე გაემგზავრა პეტერბურგში და ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ერთი წლის შემდეგ ნიკო მარი გაემგზავრა პეტერბურგში და აღმოსავლეთ ენათა ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილს შეეძლო დარჩენილიყო პეტერბურგში საპროფესოროდ მოსამზადებლად, მაგრამ მან თბილისში დაბრუნება და თავისი ერის სამსახურში ჩადგომა ამჯობინა. სულ მალე იგი სამეცნიერო კვლევით მუშაობას შეუდგა და დიდი მუშაობა გასწია, როგორც საქართველოს თითქმის ყველა მხარეში, განსაკუთრებით, სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში. ზედიზედ ქვეყნდებოდა მისი ბრწყინვალე შრომები სათაურით "მოგზაურობანი", რომელთა ნაწილი გურიასაც ეძღვნება. ექვთიმე თაყაიშვილი დიმიტრი ბაქრაძის კვალს მისდევდა და ბევრ ახალ ცნობა- ჩვენებასაც აქვეყნებდა. ფასდაუდებელია მისი დიდი მემკვიდრეობის როლი, როგორც საქართველოს ისტორიის შესასწავლად, ასევე გურიის წარსულის გათვალისწინებითაც. გურია არც დიდ ივანე ჯავახიშვილს (1871-1940) დარჩენია უყურადღებოდ და თავის ნაშრომებში მისი წარსულის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მან პირველად შეიტანა გურია საქართველოს საისტორიო რუკაზე, რომელიც 1923 წელს დაიბეჭდა და დღემდე არ დაუკარგავს საისტორიო მნიშვნელობა. მშობლიურ გურიას დიდი ამაგი დასდო სოფელ მაკვანეთში აღზრდილმა აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ (1900-1947). მის შრომებში გურიის წარსულზეც მრავალი საგულისხმო მოსაზრებაა გამოთქმული. საინტერესოა, რომ ბატონმა სიმონმა თავისი ბიძის _ ექვთიმე მუჯირის საფლავიც გათხარა და იქედან მრავალი საინტერესო დოკუმენტი ამოიღო.
გურიის სამთავროს პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებს შეეხო თავის ნაშრომებში პროფესორი ს. კაკაბაძე. მის ნაშრომებში საკმაო სიზუსტითაა გადმოცემული გურიის სამთავროს ისტორიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ს. კაკაბაძე პირველი იყო, რომელიც დასავლეთ საქართველო ისტორიის სოციალურ–ეკონომიური პრობლემებით დაინტერესდა (ქ. ჩხატარაიშვილი).
გურიის შესწავლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილს (1894-1965). მან ლიხაურის ეკლესიის არაერთი წიგნი გადაარჩინა განადგურებას 1930 წელს, როცა გურიაში მოგზაურობდა. განსაკუთრებით, უნდა ითქვას, რომ ნიკო ბერძენიშვილი იყო ორგანიზატორი იმ დიდი ისტორიული–გეოგრაფიული ექსპედიციისა, რომელმაც არამარტო მოიხილა შუა და ზემო გურია, არამედ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა გურიანთა ციხისფერდში. ასევე, აღსანიშნავია აკადემიკოსების _ აკაკი შანიძისა და შალვა ამირანაშვილის დამსახურება, რომლებმაც გურიის ეკლესიის მრავალი სიძველენი გადაარჩინეს დაღუპვას და ამ მხრივ, ისტორიის ეს ძვირფასი ძეგლები შემოგვინახეს. ქართული ენის გურული დიალექტის შესწავლასა და გურიის წარსულის ამა თუ იმ საკითხის დადგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პროფესორებმა: სერგი ჟღენტმა, იოსებ მეგრელიძემ, ალექსანდრე ღლონტმა და სხვებმა.
1941 წლიდან გურიის წარსულის შესწავლას შეუდგა ჯერ კიდევ აკ. ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის საშუალო სკოლის მოსწავლე (შემდეგში პროფესორი) იური სიხარულიძემ. ის ჯერ კიდევ მე-8 კლასში იყო, როდესაც გურიის ისტორიის კვლევა თავისი სოფლით (გოგოლესუბანი _ ყოფილი ქვემო ფარცხმა) დაიწყო. სტუდენტობის პერიოდში იური სიხარულიძემ კვლავ გააგრძელა სკოლის პერიოდში დაწყებული კვლევა–ძიებანი. პროფესორ სარგის კაკაბაძის რჩევით, დაამუშავა რეფერატი "სახელმწიფოს წარმოშობა საქართველოში" პროფესორ სიმონ ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით კი დაამუშავა გურიის მნიშვნელოვანი ციხის თავგადასავალი _ "ქაჯეთის ციხე" (ბიზანტიური წყაროებით _ "პეტრა". ის ენერგიულად მუშაობდა გურიის სამთავროს ოდინდელ დედაქალაქ ბათომის ისტორიაზე. გურიის თემას მიუძღვნა თავისი პირველი დისერტაცია "გურიის 1841 წლის აჯანყება" (ხელმძღვანელი ნიკო ბერძენიშვილი). მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია გამოკვლევა "სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ტოპონომიკა", "ქვემო გურია", რომელშიც სისტემურად მოცემულია ჭოროხისა და ჩოლოქს შორის მდებარე მიწა–წყლის აღწერა. წიგნს ახლავს შენიშვნები, დამატებანი და საისტორიო რუკა. იური სიხარულიძემ პირველმა სცდა და ისტორიულ გეოგრაფიულად შეეხედა ამა თუ იმ ძეგლისთვის. მან შეისწავლა გურიის ციხე-სიმაგრენი: ბუკის ციხე, ასკანის ციხე, ლეხოურის ციხე, ქაჯეთის ციხე (პეტრა), ჩაქვის ციხე, გონიოს ციხე და სხვა. მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი "გურიის მეგზური", გამოცემის მოლოდინშია მისი 500-გვერდიანი გურიის ისტორია.
გურიის წარსულის სოციალურ–პოლიტიკურ საკითხებს ფართოდ შეეხო მამია დუმბაძე თავის სადოქტორო დისერტაციაში "დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში" (რედ. აკად. ნიკო ბერძენიშვილი). მამია დუმბაძე შემდეგაც არ აკლებდა ყურადღებას გურიის წარსულის შესწავლას და არაერთი საინტერესო მოსაზრება აქვს გამოქვეყნებული. 1853 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის დიდი ომი, რომელიც ყირიმის ომის სახელწოდებითა არის შესული ისტორიაში. ამ ომის ერთ–ერთი ასპარეზი იყო გურია. რუს-ქართველთა არმიას გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი სარდლობდა, ხოლო ოსმალთა ჯარებს მუშინ სელიმ–ფაშა. დიდი სამამულო ომის დროს ხალხში მამულიშვილური სულისკვეთების ასამაღლებლად იბეჭდებოდა პოპულარული ბროშურები ჩვენი ხალხის ისტორიული წარსულიდან. განსაკუთრებით იმ გმირებზე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს წინანდელ ომებში. წერდნენ შალვა ახალციხელზე, ცოტნე დადიანსა და სხვებზე, არც ივანე ანდრონიკაშვილი დარჩენილა უყურადღებოდ. ეს თემა დაამუშავა ახალგაზრდა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა მამია დუმბაძემ (შემდეგ აკადემიის წევრ–კორესპონდენტმა)
1943 წელს ეს ბროშურა გამოქვეყნდა. ბროშურაში საინტერესოდაა აღწერილი საომარ მოქმედებათა ასპარეზი. განსაკუთრებით, გამახვილებულია ყურადღება ნიგოითის ბრძოლაზე, რომელმაც იმსხვერპლა მტრის ერთ-ერთი თვალსაჩინო სარდალი ხასან-ბეგი თავდგირიძე.
გურიის წარსულის შესწავლას დიდი ღვაწლი დასდო ნინო ხოშტარიამ. იგი წლების მანძილზე სწავლობდა ურეკის დიუნების სიძველეებს. მანვე გამოიკვლია ოზურგეთის აბანო, რომელიც მამია მეხუთე გურიელის (1789–1826) სასახლის გვერდით აღმოჩნდა. ნინო ხოშტარიამ დიდი არქეოლოგიური ძიება ჩაატარა ქვემო გურიის ბრწყინვალე ნაქალაქარ ფიჭვნარზე, მასთან ერთად მუშაობდნენ არქეოლოგები _ დავით ხახუტაიშვილი და რუსუდან ფუთურიძე.
1949 ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო ჩაის ფაბრიკის მშენებლობა. საძირკველის გათხრის დროს გამოვლინდა საინტერესო ისტორიული ძეგლები, მშენებლობა დროებით შეჩერდა და თბილისიდან გამოიწვიეს არქეოლოგები. გერმანე გობეჯიშვილი, მასთან ერთად ძეგლს იკვლევდნენ არქეოლოგები ოთარ ღამბაშიძე ასპირანტი დავით ხახუტაიშვილი და სხვები. ექსპედიციამ ორი თვე იმუშავა და საინტერესო ძეგლები გამოავლინა და შეისწავლა. ამ სამუშაოებით საფუძველი ჩაეყარა ვაშნარის ნაქალაქარის მეცნიერულ შესწავლას.
გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გურიის უძველესი ისტორიის შესწავლა დაიწყო არქეოლოგმა ალექსანდრე კალანდაძემ, რომელმაც ახალი ქვის ხანის ძეგლის შესწავლა შუა გურიის ტერიტორიაზე, კერძოდ, ანასეულში დაიწყო. მასთან ერთად მუშაობდა არქეოლოგი ლამარა ნებიერიძე, რომელიც წლების მანძილზე იკვლევდა არა მარტო შუა გურიის (ანასეული პირველი, ანასეული მეორე, გურიანთა, მამათი), არამედ ზემო გურიის (ხიდისთავი, ფარცხმა და სხვა) უძველეს ძეგლებს.
გურიის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ნინო ბერძენიშვილს (აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის მეუღლეს). 1963 მან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა ციხისფერდის, ხვარბეთის და სხვა არქეოლოგიურ დაზვერვებსა და შესწავლაში. მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა ნაგომარსა და წყავის ტყეში. ამ დროს მასთან ერთად მუშაობდა იური სიხარულიძე. შუა გურიიდან იმავე წელს გურიანთის ექსპედიციის ერთმა ნაწილმა, ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობა გააგრძელა ქვემო გურიაში. კერძოდ, სოფელ ზემო ქობულეთსა და ბათომის ციხეზე (ნინო ბერძენიშვილი, იური სიხარულიძე). გურიანთის ექსპედიციაში ნაყოფიერად მუშაობდა აგრეთვე არქეოლოგი გურამ გრიგოლია (ახლა პროფესორი), რომელმაც ქვის ხანის არაერთი უძველესი ძეგლი მოიპოვა სოფელ ხვარბეთში, ციხისფერდში, კონჭკათში და სხვ.
გურიის წარსულის კვლევაში დიდია პროფესორ ქველი ჩხატარაიშვილის ღვაწლი (1930–1995). იგი ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყებს თავისი მშობლიური კუთხის შესწავლას. პირველი რეფერატი, რომელიც მან შემოქმედის მონასტერს მიუძღვნა, სწორედ მოსწავლეობის დროს დაწერა და გააცნო შემოქმედის საშუალო სკოლის საისტორიო წრეს. სტუდენტობის პერიოდში იგი მუშაობდა აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით. მისი საკანდიდატო დისერტაცია იყო "გურიის სამთავრო" 1964 წელს მას დამსახურებულად მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. სამწუხაროდ, ეს ვრცელი და შესანიშნავი გამოკვლევა დღემდე გამოქვეყნებული არ არის და ნახევარ საუკუნეზე მეტია, ინახება ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დისერტაციების ფონდში. გარდა ამ დიდებული შრომისა, მას არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული გურიაზე. მეტწილად სამეცნიერო სტატიების სახით, ხოლო წიგნებად "გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან" (1985 წელი) და სხვა.
საისტორიო გამოკვლევები წარმატებებს მაშინ აღწევს, როცა ემყარება საისტორიო წყაროებს. ამ წყაროთა შორის ერთ-ერთი უძვირფასესია ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც ქართული ენის გარდა, ჩვენში უხვად მოიპოვება უცხოურ ენებზე, კერძოდ, ძველ ბერძნულსა და ბიზანტიურზე. ამ წარწერებს სხვადასხვა დროს ბევრი მკვლევარი იკვლევდა, მაგრამ მათი სრულად მოძიება და ერთ კორპუსად შეკვრა აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილს ეკუთვნის. თინათინ ყაუხჩიშვილი აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ქალიშვილი იყო, რომელიც გაჰყვა მამის კვალს და ბრწყინვალე სამეცნიერო კვლევებით გაამდიდრა ჩვენი ისტორიის წარსულის შესწავლა. ძველბერძნული თუ ბიზანტიური წარწერები გურიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა სხვადასხვა დროს. ეს წარწერები შესულია ქალბატონ თინათინ ყაუხჩიშვილის გამოკვლევაში _ "ძველი ბერძნული წარწერები საქართველოში" და უდიდეს სამსახურს უწევს გურიის წარსულის კვლევით დაინტერესებულ პირებს.
გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში გურიის ისტორიის შესწავლაში უნიკალურია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ოლღა სოსელია (ქალიშვილობის გვარი კაკაჩია), რომელმაც უდიდესი სამსახური გაუწია ქართულ საისტორიო მწერლობას გურიის სათავადოთა ერთი რიგის შესწავლით. ეს სათავადოები გახლავთ: სანაკაშიძო–სამაჭუტაძო, საერისთავო და სათავდგირიძო. აქედან, უკანასკნელი, ქვემო გურიაში მდებარეობდა. სანაკაშიძო შუა გურიაში, ხოლო სამაჭუტაძო და საერისთავო ზემო გურიის სათავადოები იყვნენ. გარდა ამისა, ქალბატონმა ოლღა სოსელიამ შესანიშნავი გამოკვლევა უძღვნა გურიის სამთავროს წარმოშობასა და გურიელთა ვინაობის დადგენას. საინტერესოა მისი დიდი გამოკვლევა, რომელიც გურიის სამთავროს საბატონიშვილოებს ეძღვნება, როგორებიცაა: საკახაბეროს, საგიორგოს, სამაქსენიშვილოს და სხვა.
ზემო გურიის ისტორიის შესწავლის საქმეში დიდია 1958 წელს ჩოხატაურში დაარსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის ხელმძღვანელთა ძალებით მოეწყო არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია ჩოხატაურის რაიონის მაღალმთიან სოფლებში. ზემო სურებში, თავსურებში, ქვაბღაში, ჩხაკაურასა და ზოტში. ჩოხატაურის მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ ზემო ფარცხმის ქვევრ–სამარხთა არქეოლოგიურ ძიებებში, რომელთაც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი არქეოლოგი ამირან კახიძე, შემდგომში პროფესორი. ამ ექსპედიციის სული და გული გახლდათ არქეოლოგი ნინელი ვაშაკიძე (შემდეგში დოქტორი). ამ ექსპედიციაში მონაწილეობდა ჩოხატაურის მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომელი სულიკო ვაშალომიძე (შემდეგ დირექტორი).
გურიის წარსულის შესწავლაში განსაკუთრებულია ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ–მუშაკთა ღვაწლი. ამ საქმეში დიდი თავდადებით იღვწოდა უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი მაკარი თავდუმაძე, რომელიც პროფესიით აგრონომი იყო, მაგრამ მშობლიური კულტურული ძეგლების აუცილებლობამ მიატოვებინა თავისი საქმიანობა და საყვარელ საქმეს მიჰყო ხელი.
მისი მოღვაწეობის დროს თვალსაჩინოდ გამდიდრდა მუზეუმის ფონდები. ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ წიტაიშვილი, რომელმაც მრავალი საინტერესო სამეცნიერო კონფერენცია გამართა მუზეუმში და მუზეუმის მეგზურიც გამოსცა. მისი უშუალო ინიციატივით და მოწვევით თბილისიდან ჩამოვიდნენ არქეოლოგები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი დასდეს გურიის წარსულის არქეოლოგიურ შესწავლას. მანვე მოიწვია ცნობილი გეოლოგი პროფესორი მირიან ძველაია, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ოზურგეთის რაიონს გეოლოგიურ შესწავლაში. ნიკოლოზ წიტაიშვილმა უმასპინძლა 1963 წლის აგვისტოში გურიაში ჩამოსულ არქეოლოგიურ ექსპედიციას აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.
გურიის კვლევის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი უდევთ მუზეუმის ყოფილ დირექტორებს _ კუკური ანთელიძე და გივი თავაძეს, რომელთაც მრავალი კვლევა დატოვეს, ზოგი მათგანი მუზეუმის ხელნაწერთა ფონდშია დაცული.
წლების მანძილზე, 1975 წლიდან 2004 წლამდე, მუზეუმს ხელმძღვანელობდა ისტორიკოსი ენვერ გოგუაძე, რომელმაც ათამდე ნაშრომი დაგვიტოვა. იგი სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე დაუღალავად შრომობდა გურიის წარსულის შესასწავლად.
1991 წელი გურიის ისტორიის შესწავლაში იმითაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ამ წელს შეიქმნა გურიის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია. არქეოლოგ ვაჟა სადრაძის ხელმძღვანელობით (შემდგომ დოქტორი-პროფესორი). ამ ექსპედიციის სული და გულია არქეოლოგი, დოქტორი მერაბ ძნელაძე, რომელიც რამდენიმე წელს, წარმატებით უძღოდა ოზურგეთის ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმ–ნაკრძალს. გურიის მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ დიდი მუშაობა გასწია, რასაც მოწმობს ხუთტომეული _ "გურია" (მხარის ისტორიული კვლევის შედეგები), რომელიც გურიის წარსულის თითქმის ყოველ ასპექტს მოიცავს. ამ ექსპედიციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ენერგიულად იმუშავა ბუკისციხის არქეოლოგიურ შესწავლაში და გამოსცა წიგნად "ბუკისციხე". ასევე, გამოიცა წიგნი "მიქელ გაბრიელი", გურიის მუდმივმოქმედ ექსპედიციას გამოსაცემად მზად აქვს სხვა ნაშრომებიც, მათ შორის, "გურია VI", რომლის გამოცემა ქველმოქმედთა ნებაზეა მინდობილი.
მანანა ლომაძე, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი