"გურია ნიუსს" ყოფილი პატიმრის დედა დაუკავშირდა, რომლის სახელს და გვარს ამ ეტაპზე არ ვასახელებთ. ის ყველას დახმარებას თხოვს.
_ მივმართავ ყველას, ვისაც შეუძლია ჩემი ოჯახის დახმარება. ყოფილი პატიმრის დედა ვარ. ჩემმა შვილმა მოიხადა სასჯელი და თავისუფალია. "წამალს" იკეთებდა და დაიჭირეს, არ გაგვიპროტესტებია _ იმსახურებდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ დაიბარეს ოზურგეთის პოლიციაში და უთხრეს, თუ ჭკუით იქნები, არავინ შეგეხებაო. ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ დაიბარეს და წაიყვანეს პოლიციაში. ყოველთვის "სუფთა იყო". ზამთარი ერთ-ერთ მონასტერში გაატარა. ახლა უთხრეს, დაეტოვებინა საქართველო.
_ ვინ უთხრა, რომ დაეტოვებინა საქართველო?
_ გურიის პოლიციის სამმართველოდან დაგვიკავშირდნენ. ყველაფერი იქ იგეგმება და ძალიან გთხოვთ, დაინტერესდეს შესაბამისი უწყება. ჩემი შვილი მთელი ზამთარი იყო მონასტერში, შემდეგ ჩამოვიდა და კიდევ უნდოდა წასვლა, მაგრამ არჩევნები მოდიოდა და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად სთხოვეს დარჩენილიყო. ისიც არ წავიდა. შვილებს ვფიცავ, მაგის გამო დარჩა. არჩევნების შემდეგ ისევ პოლიციაში დაიბარეს და უთხრეს, 15 აგვისტომდე თუ არ დატოვებ საქართველოს, დაგიჭერთ და ისევ ციხეში მოხვდებიო. თუ ჩემი შვილი დატოვებდა საქართველოს, აუცილებლად უნდა გამოეგზავნა საზღვრის დატოვების საბუთი. სად უნდა გავუშვა?! თვითონაც ძალიან წუხდა. სახლიდან არ გადიოდა ერთი პერიოდი, შემდეგ კი წავიდა, ახლა იმალება და არ ვიცით, რა ვქნათ. ჯანმრთელობა არ უვარგა _ სამკურნალოა.
"გურია ნიუსი" ამ თემას უკვე მეორედ აშუქებს, შსს-ს პრესსამსახურში კი ყოფილი პატიმრების იძულებას ქვეყნის დატოვების მიზნით, არ ადასტურებენ.
ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით:
_ მე ვხელმძღვანელობდი ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბს და ნამდვილად არ მქონია ურთიერთობა ყოფილ პატიმრებთან, არავისთვის არ მითქვამს, გვერდით დაგვიდექი,-მეთქი. თუ ამ ოჯახის სურვილი იქნება, შეუძლიათ მოვიდნენ ჩემთან და ვისაუბროთ, _ გვითხრა გელა კობალაძემ.
ჩვენმა რესპონდენტმა უკვე მიმართა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას"
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე: _ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ისეთი სახის სანქციას, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება, ან იძულება, დატოვოს ქვეყნის ფარგლები. გარდა ამისა, საქართველოში მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო არის მხოლოდ სასამართლო და მას აქვს უფლება დაადგინოს, არის თუ არა პირი დამნაშავე და გამოიტანოს შესაბამისი მსჯავრი, _ გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მიდგომა, პირმა მხოლოდ იმის გამო დატოვოს ქვეყანა, წინათ სასჯელი მოიხადა, რა თქმა უნდა, არასწორია: _ თუ ამ კატეგორიაში იგულისხმებიან, ეგრეთ წოდებული, "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები, ისინი ქვეყნიდან კი არ უნდა გააცილო ან შემოაცილო, არამედ მის მიმართ უნდა გაატარო კანომდებლობით დადგენილი ლეგალური ღონისძიებები.
_ მსგავსი მეთოდების გამოყენებაში "ნაციონალური მოძრაობასაც" ადანაშაულებდნენ, განსაკუთრებით, არჩევნების დროს.
_ "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლებას ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ კრიმინალთან ალიანსი დააბრალო, ეს უსამართლობაა. მაფიოზურ-კრიმინალური მმართველობის სტილი "ქართულმა ოცნებამ" აღადგინა და დაამკვიდრა. გახსოვთ, ალბათ, კალაძის, სანიკიძის და "ოცნების" სხვა ლიდერების 2012 წლის არჩევნების წინ სატელეფონო საუბრები კრიმინალურ ავტორიტეტებთან, როგორ თხოვდნენ მათ არჩევნებში დახმარებას. საერთოდ, მაფია გულისხმობს კრიმინალისა და ხელისუფლების, სამართალდამცავი სტრუქტურების ალიანსს და თუ კარგად გადავავლებთ თვალს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ყველაფერი ნათელი გახდება. მხოლოდ "რემენას" ეპიზოდს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, _ გვითხრა პაატა მანჯგალაძემ.