ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნინოშვილის მოსახლეობის ერთი ნაწილი გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან შეხვედრას ითხოვს.
"უკვე მეორედ ვართ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ შენობასთან და გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, ვინ ინიშნება ნინოშვილის წარმომადგენლად. ჩვენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს ვუჭერთ გიორგი თავართქილაძის კანდიდატურას, მაგრამ როგორც ჩანს გამგებელს სხვა კანდიდატი ჰყავს. თუ ასე არის მაშინ სოფელში ჩატარდეს პრაიმერი. ხომ თქვა ბატონმა ზაზამ, რომ ხალხის შეთანხმების გარეშე არ მოხდება დანიშვნაო და ჩვენც ამას ვითხოვთ", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრის დროს გიორგი თავართქილაძის მხარდამჭერები.
თავად ზაზა ურუშაძემ, დღეს ორ სოფელში წარმომადგენლები დანიშნა. მისი თქმით, ის თანამდებობაზე ვერ დანიშნავს რვა კლას დამთავრებულს.
"კანონი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ წარმომადგენლად დავნიშნო რვა კლას დამთავრებული. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, იხილება სხვადასხვა კანდიდატურა და ყველაფერი ამ დღეებში იქნება ცნობილი", _ თქვა ურუშაძემ.
გიორგი თავართქილაძემ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ მას სოფლის მცხორებლებმა სთხოვეს ამ თანამდებობაზე მის კანდიდატურა განხილულიყო:
"სოფელ ნინოშვილის მოსახლეობის 80% მხარს მიჭერს, რომ დავინიშნო გამგებლის წარმომადგენლად. ამ ეტაპზე კონკურენტი არ მყავს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით და არც სოფელში არის საუბარი."
_ ბატონო გიორგი, თქვენზე ითქვა, რომ რვა კლასის განათლება გაქვთ მიღებული.
_ ჯერ ცხრა კლასი, შემდეგ კი საზღვაო დავამთავრე, ბათუმში კოლეჯში ვსწავლობდი. იმ დიპლომით მსოფლიო მაქვს მოვლილი. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ხალხი ითხოვს ჩემს დანიშვნას, ხალხმა მთხოვა. ხშირად ყოფილა ტელეფონით გადმორეკვით დანიშნულა ხალხი სხვადასხვა თანამდებობაზე და ასე არ უნდა გაგრძელდეს. 220 კაცის ხელმოწერა არის შეტანილი გამგებლის სახელზე. ბატონი ზაზა ამბობს, რომ არ მინდა სოფელში განხეთქილება მოხდეს, რადგან მეორე კანდიდატურა არის სოფელში, რომლის შესახებ არ ვფლობთ ინფორმაციას. გვითხრას ვინ არის ჩემი კონკურენტი.