ქალაქ ოზურგეთის ნინოშვილის #26-ში მცხოვრები არჩილ და თინა მგელაძეები უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობენ. მათ დახმარებისთვის "გურია ნიუსს" მიმართეს.
_ რა ვქნა, რა მეშველება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, უაღრესად გაჭირვებულები ვართ. ფეხები ისე მაწუხებს, ვერ დავდივარ. ტკივილი მაქვს, სითხე მაქვს გამოცლილი მუხლებიდან. ჩემს ძმას ინსულტი აქვს გადატანილი. ხელს ვერ ამოძრავებს, ფიზიკურად შრომისუუნაროა. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, საძირკველი გამოშლილი აქვს, კედლები გაბზარულია. 7 წელია, გაზი ჩემი სახლის წინ არის გამოყვანილი და გაჭირვების გამო, სახლში ვერ შემოვიყვანე. რამდენი პრობლემა მაქვს, ვერ ჩამოგითვლით. ძალიან ძვირი ჯდება, რომ მუხლებში შემივსონ სითხე _ 58 დოლარი ღირს ერთი ნემსი. ვინ მომეხმარება მე? ორივე მუხლში სულ 6 ნემსის გაკეთება მჭირდება. სოციალური დახმარება გვაქვს 48 ლარი და პენსია 150 ლარი, ესაა ჩვენი შემოსავალი, რომელიც წამალშიც კი არ გვყოფნის. პურს ძლივს ვყიდულობთ. გამაყუჩებლების ყიდვას ვერ ვუთავდები მხოლოდ. ოთახიდან ვერ გავდივარ, მხოლოდ ეტლით მივყავარ ჩემს ძმას, თუ არა ფორთხვა-ფორთხვით დავდივარ ოთახიდან ოთახში. განცხადებით ჯერ არ მიმიმართავს ახალი მთავრობისთვის, ქალაქ ოზურგეთის მერიაში ჯერ განცხადება არ შემიტანია, მაგრამ აზრი აქვს? პატრონი რომ არ გეყოლება და გაჭირვებული ხარ, ყურადღებას ვინმე მოგაქცევს?! ყველასგან უპატრონოდ მიტოვებულები ვართ, _ამბობს თინა მგელაძე.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
"თავდაპირველად ქალბატონმა თინა მგელაძემ უნდა მიმართოს განცხადებით მერიას, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური მყისიერად შეისწავლის მათ პრობლემებს, რადგანაც ამ ქალბატონს უჭირს გადაადგილება, მე დღესვე ვესტუმრები ამ ოჯახს შესაბამის სამსახურთან ერთად და პირადად დავავალებ ამ პრობლემის სწრაფი გზით მოგვარებას", _ გვითხრა სიორიძემ.