"სანამ დაწერთ ინფორმაციას და გაავრცელებთ დარწმუნებით იქნებ გადაამოწმოთ ჩვენთან? ყოველთვის ყველას ვპასუხობთ! კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ბათუმში მომხდარ ცემის ფაქტზე! დადასტურებულ ინფორმაციას გაწვდით: ბათუმში მომხდარ ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. რაც შეეხება მეგობარი გოგოს ცემაში ბრალდებულ პირს, არც ის და არც მისი ოჯახის წევრები არ არიან პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება მიმდინარეობს, დაზარალებულს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა რის შემდეგაც დადგინდება პასუხისგების საკითხი", _ ამ შინაარსის განცხადებას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს უფლებადამცველი თამარ გურჩიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ბათუმის ბულვარში სცემა, პოლიციელის შვილია.
შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველი თამარ გურჩიანი ბათუმის პლაჟზე შეესწრო ინციდენტს რომლის შესახებაც "ფეისბუქზე" დაწერა
"მამაკაცმა თავის თანმხლებ ქალს უმოწყალოდ სცემა, წიხლებით, ხელებით ურტყამდა, ძირს დააგდო. გაითიშა ქალი. მაშინვე დავურეკეთ პოლიციას, ჯერ მოვიდა დაცვის პოლიცია, შემდეგ – საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. წაიყვანეს მეექვსე განყოფილებაში, სადაც შუქი არ იყო და გადაიყვანეს მესამე განყოფილებაში. ეს ქალი დაკითხეს და მოწმეების სახით ვიკითხებით რამოდენიმე ადამიანი. აღმოჩნდა, რომ მოძალადე მამაკაცი არის პოლიციელის შვილი.
ვინაობის გამხელისგან თავს ვიკავებ, მგონია, არ არის ეთიკური, ამ კაცს მაინც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. მოიყვანეს მოძალადე განყოფილებაში და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ, პოლიციის განყოფილების უფროსმა მანუჩარ კახიძემ თქვა, რომ მის დაკავებას არ აპირებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამ ბიჭმა პასპორტი წაართვა ქალს და ერთი წლის განმავლობაში ასე ძალადობს მასზე. განყოფილების უფროსს ვკითხე, რომ ამ ქალის სიცოცხლეზე პასუხს აგებდა თუ არა, მან მიპასუხა, რომ პასუხისმგებელი იყო", _ განაცხადა თამარ გურჩიანმა.