მთავრობის ადმინისტრაციაში, სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიამ სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული 18 წლამდე ასაკის, 11 ბავშვის მკურნალობის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა, დაფინანსების მიღების მსურველთა 15 განაცხადი განიხილეს, საიდანაც 11 დაკმაყოფილდა. მათ შორის, დაფინანსდა სამი ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობა. დაფინანსებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ოდენობა 96 ათას ლარს შეადგენს.
"კომისიის პირველმა სხდომამ გვაჩვენა, რომ დღეისათვის მობილიზებული თანხა, რომელსაც 23 ათასი საჯარო მოხელე სწირავს ფონდს ყოველთვიური დონაციის სახით, საკმარისია, რათა 18 წლამდე სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვთა თანადაფინანსების პრობლემა საქართველოში სრულად იყოს გადაჭრილი", _ თქვა სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა.