თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანის წესი უნდა გაუქმდეს.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"უნდა გაუქმდეს ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანის წესი. თუ ავტომანქანა არ დგას შესაბამის ადგილზე, პატრონი მხოლოდ უნდა დაჯარიმდეს. ასევე ვაპირებთ ტარიფის გადახედვას“, _ აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დავით ნარმანიამ, ასევე, "სითი პარკთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი შეკითხვა, რადგან ამ ტენდერში "სითი პარკს" ჰყავდა კონკურენტი, რომელსაც 1 ლარით მოუგო და შემდეგ ამავე კონკურენტთან მოხდა მისი შერწყმა“.
"სითი პარკთან" დაკავშირებით ძალიან მწვავე განხილვა გვქონდა. ეს არის მართლაც დანაშაულებრივი გზით გაფორმებული ხელშეკრულება და დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვით ყველაფერი კომპანიის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი და მერიისა და საზოგადოების ინტერესები, ფაქტობრივად, იგნორირებულია. ამიტომაც, ძალიან მკაცრად შევაფასეთ ამ კომპანიის საქმიანობა.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო ეს ხელოვნური კონკურენტი. მეორე, "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებაში ბევრი მუხლი და ნორმა სწორედ ერთი კომპანიის სასარგებლოდ არის მომზადებული და როგორც კი თბილისის მერია დაიწყებს მის წინააღმდეგ მოქმედებას, კომპანიას აქვს უფლება, მიმართოს არბიტრაჟს. თუ ხელშეკრულება გაწყდება, თბილისის მუნიციპალიტეტს ათეულობით მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. ამიტომ ვერ ვწყვეტთ ხელშეკრულებას ამ კომპანიასთან“, _ აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, "ბევრ კითხვას ბადებს პარკირების საფასურის 25-დან 50 ლარამდე გაზრდა“.
"ერთ დღეს კომპანიამ მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართა და მოითხოვა ტარიფის მინიმუმ გაორმაგება. მეორე დღეს გაიმართა თბილისის მთავრობის სხდომა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ტარიფი გაორმაგდა და ორი დღის შემდეგ შევიდა ძალაში, რამაც კომპანიას დიდი მოგება მოუტანა“, _ აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ასევე, კითხვები ჩნდება მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის შემოსავლების უთანასწორო განაწილებასთან დაკავშირებითაც.
"კომპანია "სითი პარკს" უფრო სოლიდური შემოსავლები აქვს, ვიდრე მუნიციპალიტეტს. ეს ჩათვალა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად უგულავას საქმეში და მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა, სწორედ ამ თვალსაზრისით გახდა სადავო, რადგან ეს ნორმა სადავო იყო, აღარ ვაძლევთ კომპანია "სითი პარკს" იმ დამატებით პროცენტს, რითაც ის მუნიციპალიტეტზე მეტ შემოსავალს იღებდა. ეს თანხა ყოველთვიურად განსხვავებულია მიღებული შემოსავლების პროცენტის შესაბამისად.
დაპირება, რომელიც ჩვენ მივეცით ამომრჩეველს, რომ გავასაჯაროებდით "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას, შესრულებულია, თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და მიმდინარე თვის ბოლომდე კომპანიას შევთავაზებთ ხელშეკრულების ცვლილებას. თუ უნდათ, ერქვათ სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია და სურთ, საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვონ, ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდნენ“, _ განაცხადა ნარმანიამ.