ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სუფსისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები წარადგინა. გამგებელთან ერთად ადგილზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებიც იმყოფებოდნენ.
სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ბესიკ კუპრაძე იქნება.
ურუშაძე სუფსის მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:
_ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აზრი, მე მხოლოდ მათ მოვუსმენ. ხალხია ხელისუფლების მსაჯული. ყველანაირად ვეცდები, რომ პრობლემები მოვაგვაროთ. ამისათვის კი მოსახლეობის მხრიდან აქტიური თანამშრომლობაა საჭირო. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი, წელში გამართული სოფელი. გამგებლის წარმომადგენელი არის შუამავალი რგოლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. დეპუტატთან ერთად უნდა იმუშაონ, მხოლოდ და მხოლოდ, ხალხის კეთილდღეობისთვის, _ აღნიშნა გამგებელმა.
სოფელ ღრმაღელეში გამგებლის წარმომადგენელი გურამ ჩუბინიძე იქნება.
_ როგორც ყველა სოფელში ღრმაღელეში პრობლემები მრავლადაა. კვლავ მოუგვარებელია სოფლის გზები და სასმელი წყალი. სამწუხაროდ, საბავშვო ბაღში წყლის შეყვანა დღემდე პრობლემად რჩება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ძალიან მწირია. შეუძლებელია ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრა. პირველ რიგში, აუცილებლად მოწესრიგდება გზები, რათა გლეხმა გადაადგილებაც შეძლოს და ჭირნახულის სახლში დროულად მიტანა. მაქსიმალურად ვეცდებით მოგვარდეს წყლის პრობლემაც", _ აღნიშნა ღრმაღელელებთან საუბრისას ზაზა ურუშაძემ.