2014 წლის 19 ივლისს, "გურია ნიუსმა" 16 წლის ვიტალი კილასონიას გადასარჩენად საქველმოქმედო მარათონი მოაწყო.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, პარლამენტის წევრები: თინათინ ხიდაშელი, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი ტრიპოლსკი და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ. საღამო შედგა და შედეგიც დადგა _ ვიტალის სტამბულში ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს. საზოგადობის თანადგომით მოხერხდა, რომ ვიტალი ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და მისი ნიჭით მშობლიურ რაიონს და ქვეყანას წარმატებას მოუტანს.
ამავე დღეს, მედიასახლმა საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა, რომლის მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებსაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდებათ.
ყველა ჩვენგანს შეიძლება დახმარება დასჭირდეს. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ პოლიტიკური სიმპათიების და ანტიპათიების, შეხედულებების, გემოვნების, შემოსავლების სიდიდის და სიმცირის მიუხედავად, ერთმანეთს დახმარების ხელი გავუწოდოთ, სითბო და სარჩო გავუნაწილოთ…
მემორანდუმში, რომელზეც იმ დღეს ხელი დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოაწერა, ვკითხულობთ: "მედია სახლი "გურია ნიუსი" და ამ დოკუმენტზე ხელისმომწერნი თანხმდებიან ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე, რომელიც საფუძვლად უდევს ქველმოქმედებას. გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს და მოქმედებენ, რათა ხელი შეუწყონ საქველმოქმედო ფონდის დაფუძნებას და ფუნქციონირებას.
ფონდის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება; სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელშეწყობა; მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების წახალისება; თანხების მობილიზება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად…"
ფონდი ახალფეხადგმულია, თუმცა, მის ანგარიშზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენი ფონდის შუამდგომლობით და გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის დაფინანსებით, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის პირველკლასელებს წელს კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები დახვდებათ. ასევე, ფონდის შუამდგომლობით და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით, ზემო სურებში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბიბლიოთეკა იხსნება, რომელიც კომპიუტერით და სხვა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.
ფონდის სახელზე დღის განმავლობაში ათეულობით განცხადება შემოდის.
ბუნებრივია, ყველა მათგანის დაკმაყოფილება, ფინანსების სიმწირის გამო, შეუძლებელია.
თუმცა, საზოგადოების თანადგომით, ყველაფერი შესაძლებელია. თუ გაქვთ სურვილი, გახდეთ ჩვენი ფონდის მეგობარი და ერთად ვაკეთოთ ქველმოქმედება, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE02BG0000000125488801GEL
შპს "გაზეთი ჩოხატაურის მაცნე"
ს/კ241994142
ინფორმაცია შემომწირველების შესახებ და ფონდის მიერ გახორციელებული აქტივობების შესახებ, "გურია ნიუსში" პერიოდულად გამოქვეყნება.
აქვე გეტყვით, რომ ქველმოქმედების მადლი შემოწირულობის რაოდენობით არ იზომება _ ერთნაირად მნიშვნელოვანია ყოველი თეთრი, რომელიც სხვისი ტკივილის შესამსუბუქებლად, სხვისი სიხარულისთვის, წარმატებისთვის, მომავლისთვის გაიღება.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ფონდის მხარდამჭერი თითეული თქვენგანი იქნება და ერთად ყოფნის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.
ფონდის ანგარიშზე შემოსული ყველა თეთრის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსის" მეშვეობით მიიღებთ.