პრობლემა, რომელიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ არის; თავშესაფრები, სადაც მსხვერპლი ვერ ხვდება; სამართალდამცავი, რომელიც რეაგირებას არ ახდენს და დანაშაულის ჩადენას ხელს უწყობს; საზოგადოებრივი მენტალიტეტი, რომელიც მოთმენას გვავალდებულებს, _ ასეთ შეფასებას აძლევს არასამთავრობო სექტორი ოჯახური ძალადობის პრობლემას, რომლის მოგვარებაც სახელმწიფოს “კეთილი ნების“ გარეშე წარმოუდგენელია.
რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს და რა უშლის ხელს ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარებას, _ “გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასამართლოს, სამართალდამცავებს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა.
მსხვერპლი
თამუნა 36 წლის არის, სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, თუმცა, ოჯახის დატოვებას არ ფიქრობს. ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს, მოხუც მშობლებს მისი შვილების რჩენას ვერ დაავალდებულებს.
“მიზეზი, რის გამოც შეიძლება მეუღლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენოს, (ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გავმხდარვარ) ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს. მაგალითად, ბავშვი რატომ ტირის, ჭურჭელი დარეცხილი რატომ არ დახვდა და ა.შ. სამ შვილს მარტო ვუვლი, ამიტომ ბევრი რამის გაკეთება მიწევს. ბავშვები არასრულწლოვნები არიან და ყურადღება სჭირდებათ. ჩემი მეუღლე ყოფილი პატიმარია, ნარკომომხმარებელი იყო და 2010 წელს დაიჭირეს… მისი დაჭერის დროს იმხელა განსაცდელი გადავიტანე, გახსენებაც არ მინდა. ახლა ვცდილობთ, რეაბილიტაციის პროცესი ერთად გავიაროთ. ამიტომ არ მიფიქრია ოჯახის დატოვება, თუ ამდენს გავუძელი, ახლაც გავუძლებ. არ მინდა ზედმეტად გავაღიზიანო, მის კიდევ ერთხელ დაჭერას ვერც მე და ვერც ჩემი შვილები ვერ გადავიტანთ“, _ ამბობს თამუნა.
თამუნას მსგავსად, ოჯახური ძალადობის პრობლემა არაერთ ადამიანს აქვს. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის, 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი, პარტნიორის მხრიდან, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ამავე კვლევის მიხედვით, ქალების და მამაკაცების დაახლოებით 30% ქალის ცემას ამართლებს და ის ჩვეულებრივ პრაქტიკად მიაჩნია.
რას აკეთებს სახელმწიფო?
“ქვეყანაში აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მით უფრო, იმ ტრაგიკული მოვლენების ფონზე, როცა, სამწუხაროდ, ძალადობა მეუღლეთა მკვლელობით დასრულდა. დღეს ხელი მოვაწერეთ კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას. ოჯახში მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრა და ფიზიკური შეურაცხყოფა რიგითი მოვლენა ვერ იქნება. ასეთი დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს სწორედ სტამბულის კონვენცია“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2014 წლის 20 ივნისს”ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ კონვენციის ხელისმოწერისას სტრასბურგში, ევროსაბჭოს სათავო ოფისში.
თუმცა, რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გულისხმობდა იუსტიციის მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ოჯახური ძალადობის პრობლემებზე მუშაობენ, ამ დრომდე ცნობილი არ არის.
როგორც ისინი აღნიშნავენ, სახელმწიფო იმ მექანიზმსაც არ იყენებს, რომელიც პრობლემის პრევენციისათვის კანონით არის გათვალისწინებული.
კავშირ “საფარის“ ხელმძღვანელი, იურისტი ბაია პატარაია “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფო პრობლემას არასერიოზულად ეკიდება და მისთვის ოჯახური ძალადობის აღკვეთა პრიორიტეტული არ არის.
“კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე – შსს, პროკურატურა, სასამართლო, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენს პრობლემის აღსაკვეთად. უკვე წლებია ვამბობთ, რომ მარტო პოლიციელი ვერ მოაგვარებს ოჯახურ კონფლიქტს და საჭიროა მასში სოციალური მუშაკი და სხვა მექანიზმებიც ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ეს არსად წერია და ამაზე რეაგირებას ვერ მოახდენს. პრობლემა ის არის, რომ სოცმუშაკი საერთოდ არ ერევა ოჯახურ კონფლიქტში; პოლიციის პრობლემაა, რომ ადგილზე მისული შემაკავებელ ორდერს არ წერს, ცდილობს, მოლაპარაკებით დაასრულოს ეს კონფლიქტი. პატრულის პრეროგატივაა, რომ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გამოწეროს შემაკავებელი ორდერი და შეატყობინოს საგამოძიებო უწყებას. მაგრამ არცერთ საშუალებას პატრული 99% შემთხვევაში არ იყენებს. რაც შეეხება პროკურატურას, აქ პრობლემა ის არის, რომ გამოძიება დროულად ვერ ხერხდება. თუ ამაზე რეაგირება არ მოხდა, მერწმუნეთ, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება“, _ აცხადებს პატარაია და დასძენს, რომ “ძირითადი პრობლემა მაინც მენტალიტეტია“.
“საზოგადოება ცდილობს ოჯახური ძალადობის პრობლემა ოჯახის გარეთ არ გაიტანოს, შემდეგ ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და ამას სავალალო შედეგებამდეც მივყავართ“, _ განმარტავს იურისტი.
მისივე თქმით, “სახელმწიფო და საზოგადოება ხელს უწყობს მოძალადეს მკვლელად იქცეს“.
“როგორც წესი, ძალადობა ოჯახში წლების განმავლობაში არსებობს, რაც ყვირილით და ჩხუბით იწყება, შემდეგ ცემაზე გადადის და ბოლოს მკვლელობით სრულდება, ამის შესახებ მინიმუმ ოჯახის წევრებისთვის და მეზობლებისთვის მაინც არის ცნობილი. რომლებიც შესაბამის რეაგირებას არ ახდენენ და საქმე მკვლელობამდე მიდის. გამოდის, რომ საზოგადოება და სახელმწიფო უწყობს ხელს მოძალადეს მკვლელად იქცეს. საზოგადოების მიდგომაა რომ ქალმა უნდა მოითმინოს, შეურიგდეს მოძალადეს, ასეთივე მიდგომა აქვს დაახლოებით სახელმწიფოსაც, როცა პოლიციელი ამბობს, რომ ეს პრობლემა ოჯახში უნდა მოგვარდეს და მხოლოდ ხელწერილს აწერინებს შემაკავებელი ორდერის ნაცვლად“, – აღნიშნავს პატარაია.
განსხვავებული მოსაზრება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში აცხადებენ, რომ პრევენციის მიზნით, შსს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს, მუდმივად ახორციელებს. გარდა ამისა, 2014 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა შს მინისტრის ბრძანება, რომლითაც თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს დაევალათ განსაზღვრონ ორი მოქმედი თანამშრომელი (ქალი და კაცი), რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მოაგროვებენ ინფორმაციას კონფლიქტური ოჯახების შესახებ. ბრძანების შესრულებას გენერალურ ინსპექცია აკონტროლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე მირანდა ერემაძე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გააქტიურებას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ “ბოლო პერიოდის განმავლობაში, უბნის ინსპექტორს უფლება მიეცა შემაკავებელი ორდერი დაწეროს, აქედან გამომდინარე, სასამართლოში აშკარად შეიმჩნევა შემაკავებელი ორდერების მატება“.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარად შეცვლილია შსს-ს წარმომადგენლების მიდგომა. აქამდე თუ პოლიციელს სჭირდებოდა მსხვერპლის თანხმობა შემაკავებელი ორდერის დაწერისას, ახლა ეს თანხმობა არ არის საჭირო და ძალიან აქტიურად წერენ. ისე არ ჩაივლის მორიგეობა, რომ სასამართლოში სამი-ოთხი ორდერი არ შემოვიდეს. რაც შეეხება დამცავ ორდერებს, რომლისთვისაც უშუალოდ დაზარალებულმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მომართოს სასამართლოს, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, რისი მიზეზიც, ვფიქრობ, საზოგადოების ცნობიერების დონეა. ხალხს არ აქვს ინფორმაცია რას წარმოადგენს დამცავი ორდერი, მქონდა ამ საკითხზე შეხვედრები და საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ასეთი განცხადებით სასამართლოს რომ მომართოს, ბაჟის გადახდა მოუწევს. არადა, ისინი ბაჟისგან თავისუფლდებიან. ძალიან მარტივი განცხადების საფუძველზე ხდება მომართვა. განაცხადი 10 დღის ვადაში განიხილება და სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს“, _ აღნიშნავს ერემაძე.
მოსამართლე ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახში ძალადობა საკმაოდ მკაცრად დასჯადია და კანონის გამკაცრება საჭირო არ არის.
“ერთია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და მეორე სისხლის სამართლებრივი. 2012 წელს კანონში შევიდა ცვლილება და სანქცია საკმაოდ გამკაცრდა. რაღა შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც მოძალადეს ვაგდებთ სახლიდან და ვუკრძალავთ მსხვერპლთან მიახლოებას, ამაზე უფრო კანონის გამკაცრება ნიშნავს, რომ პირდაპირ პატიმრობა ან ჯარიმა გამოვიყენოთ. ჯარიმა გამოსავლად არ მიმაჩნია, რადგან ამ შემთხვევაში ვამძიმებთ ოჯახის მდგომარეობას და შესაძლოა, ის კონფლიქტის და დაძაბული ურთიერთობის კიდევ ერთი მიზეზი გახდეს“, _ აღნიშნავს ერემაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც “გურია ნიუსმა“ მოიპოვა, 2013 წლის 6 თვეში სასამართლოში სულ 22 დამცავი ორდერის განაცხადი შევიდა, აქედან 2-ს უარი ეთქვა, 19 დაკმაყოფილდა, ერთი კი განუხილველადაა დატოვებული. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, იგივე 2013 წელს 112 ორდერია შესული, აქედან 110 დაკმაყოფილდა. 2014 წლის მონაცემების მიხედვით კი, 6 თვეში, სასამართლოში 28 დამცავი ორდერია შესული, აქედან 18 უკვე დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 68 ორდერიდან 67 დაკმაყოფილებულია.
კიდევ ერთი გზა, რომელიც მსხვერპლის განრიდების მექანიზმს და მის თავშესაფარში გადაყვანას ითვალისწინებს, ამ დრომდე პრობლემად რჩება. ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ორი წლის განმავლობაში არსებობდა, აღარ მუშაობს.
როგორც იურისტი ბაია პატარაია აცხადებს, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ საბჭოს მუშაობა მთლიანად ჩავარდა.
“ახალი საბჭო არ დაინიშნა, ძველი საბჭო კი, პოლიტიკური გათვლების და პრობლემების გამო არ იკრიბება. 2 წელია სახელმწიფომ საბჭო ვერც თავიდან ჩამოაყალიბა და ვერც ის ამუშავა, რაც დახვდა. ეს არის, რომ თემას პატრონი არ ჰყავს და სახელმწიფოსთვის ეს პრიორიტეტული არ არის. ამასთან, გაჩერებულია მსხვერპლისთვის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის მუშაობაც. ახლა მიიღეს ახალი პაკეტი და მოსმენებზეც გადის, მაგრამ თუ მექანიზმმა არ იმუშავა, მარტო კანონში ცვლილება შედეგს ვერ მოგვცემს“, _ განმარტვას პატარაია.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გია კაკაჩია “გურია ნიუსთან“ საუბრისას კომისიის საქმიანობის შეჩერების ძირითად მიზეზად უფლებამოსილების ვადის გასვლას ასახელებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, ახალი კომისია რა ვადებში შეიკრიბება.
“დაახლოებით თვენახევარი-ორი თვეა, ჯგუფის შეხვედრა არ ჩატარებულა, რადგან ფორმატი იცვლება. ამასთან, ძველმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. კონკრეტულად როდის მოხდება შეკრება, ვერ გეტყვით, ფორმირება მიმდინარეობს. ამასთან, 2015 წლიდან ამ კომისიის როლის გაზრდა იგეგმება. აქამდე მსხვერპლის იდენტიფიცირების და გამოვლენის დროს, ჩვენი ფუნქციები ძალიან შეზღუდული იყო. ახლა უფრო მკაფიოდ გაიწერება ჯგუფის მოქმედების კრიტერიუმები“, _ აცხადებს კაკაჩია.
თავშესაფრები
სანამ სახელმწიფო ოჯახური ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად სტრატეგიულ გეგმას დასახავს და კანონში ცვლილებებსაც შეიტანს, პრობლემა პრობლემად რჩება. ის პირებიც კი, რომლებიც, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ მსხვერპლად აღიარა, სახელმწიფო თავშესაფარში ვერ ხვდება.
ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ, სულ 4 თავშესაფარია, რომელიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ფუნქციონირებს. თუმცა, ამ დროისთვის თავშესაფრებში მხოლოდ 22 ადამიანია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, “ძალიან ცოტა, არარეალური ციფრია“.
გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორში არის კიდევ ერთი თავშესაფარი, სადაც მუდმივად გადაჭედილობის პრობლემა აქვთ, რადგან თავშესაფარი მხოლოდ 10 ბენეფიციარისთვისაა განკუთვნილი და იქ გარკვეული პერიოდით დარჩენა შეუძლებელია.
“თავშესაფრებს ხსნიან, თუმცა ხალხი იქ მოხვედრას ვერ ახერხებს. 22 კაცის ყოფნა თავშესაფარში იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ საერთოდ არ იცის ამ თავშესაფრების არსებობის შესახებ, ხოლო ვინც იცის, ის იქ ვერ ხვდება. რათ გვინდა ასეთი თავშესაფრები, როცა ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურად კლავენ ადამიანს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე და თავშესაფარი ცარიელია. აქ შეგვიძლია სისტემის გამართულობაზე ვისაუბროთ? იმხელა ბიუროკრატიაა გასავლელი თავშესაფარში მოსახვედრად, რომ ამის გავლა ადამიანს არ შეუძლია“, _ აცხადებს ბაია პატარაია.
თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თავშესაფარში მოსახვედრად ბიუროკრატიული პროცედურების გავლა საჭირო არ არის, საკმარისია მსხვერპლს სტატუსი მიენიჭოს და სურვილი გამოთქვას, ის თავშესაფარში მოხვდება.
“თავშესაფარში მოხვედრის ორი ვარიანტია, ან ჯგუფმა უნდა შეაფასოს ოჯახური მდგომარეობა, ძალადობის ხარისხი, ან პოლიციის საშუალებით მოხვდეს მსხვერპლი ჩვენთან. აქამდე, ძირითადად, ჯგუფის მიერ ხდებოდა იდენტიფიცირება, როგორც ძალადობის მსხვერპლის და ამ შემთხვევაში ხდებოდა სერვისებში გადამისამართება. ახლა, როგორც გითხარით, ჯგუფი არ მუშაობს, ამიტომ, რჩება ერთადერთი გზა, რომ მსხვერპლი თავშესაფარში პოლიციის დახმარებით შემოვიდეს, თუმცა, პოლიციიდან შემოდინება საკმაოდ მცირეა, რადგან სამართალდამცავები არ აქტიურობენ“, _ აცხადებს გია კაკაჩია.
მისივე განმარტებით, დღესდღეობით არც ის კრიტერიუმია გაწერილი, რამდენ ხანს აქვს მსხვერპლს თავშესაფარში დარჩენის უფლება.
“სამომავლოდ, ალბათ, ესეც გაიწერება. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ადამიანის რეაბილიტაცია და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება უნდა მოხდეს. თუმცა, არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ თავშესაფარში ყოფნის პერიოდი მას რამდენჯერმე გაუგრძელდეს. დღესდღეობით, რამდენ ხანს დარჩება მსხვერპლი თავშესაფარში ამაზე გადაწყვეტილებას სერვისის მიმწოდებელი იღებს. თუ მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს საფრთხეები და იმ ადამიანის რესოციალიზაცია შესაძლებელია, თავშესაფრიდან უშვებს“, _ ამბობს კაკაჩია.
ჯერჯერობით, სახელმწიფო არაფერს საუბრობს მოძალადის სარეაბილიტაციო პროგრამაზე, თუმცა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების ბოლო ვადა მას 2015 წლამდე აქვს. როგორც გია კაკაჩია “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, “არის იმაზე საუბარი, რომ მოძალადე პირს სასამართლომ დააკისროს პირდაპირ სარეაბილიტაციო კურსის გავლა და არა თავშესაფრით უზრუნველყოფა“.
“მოძალადეებისთვის მსგავსი თავშესაფრის ვალდებულება კანონმდებლობით არ გვაქვს და შესაბამისად, გახსნაც არ იგეგმება. ამ ტიპის თავშესაფარი მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანაში, ისრაელშია“, _ აღნიშნავს კაკაჩია.
არასამთავრობო სექტორში კი განმარტავენ, რომ მსხვეპლისა და მოძალადის რეაბილიტაცია ერთნაირად მნიშვნელოვანია და ეს სახელმწიფომ დროულად უნდა უზრუნველყოს.
სტატისტიკა
2014 წლის 20 ივლისს, ზესტაფონში, 22 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობისა და ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა. იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილს უკვე გაკეთებული ჰქონდა განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრობლემის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
8 აგვისტოს, თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში, მამამ შვილი მოკლა. შსს–ს ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.
4 აგვისტოს თბილისში, შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს მარიო ჭ., რომელმაც დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.
ეს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის მცირე ჩამონათვალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში ოჯახური ძალადობის 309 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 216 გახსნილია. შარშან ამავე პერიოდში კი, 294 შემთხვევა ფიქსირდებოდა, აქედან 242 გახსნეს.
რაც შეეხება მხოლოდ აგვისტოს თვის სტატისტიკას, 2014 წლის აგვისტოში ოჯახური ძალადობის 53 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 40 გაიხსნა. 2013 წლის ამავე პერიოდში კი, 33 შემთხვევიდან მხოლოდ 26-ია გახსნილი.