ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა 2009-2013 წლის მდგომარეობით საკმაოდ ვრცელია. "გურია ნიუსმა" რიცხული ქონების შეძენისას გაფორმებული ხელშეკრულებები, ანგარიშფაქტურები და მიღება-ჩაბარების აქტები გამოითხოვა, თუმცა, არ მოგვაწოდეს:
_ "რაც შეეხება ანგარიშფაქტურებს, მიღება-ჩაბარების აქტებსა და ხელშეკრულებებს, ვინაიდან აღნიშნული მასალები მოსაპოვებელია არქივში განთავსებული საბუღალტრო წიგნებიდან და მისი ასლების გადაღება მოითხოვს საბუღალტრო წიგნების დაშლას, ამდენად წარმოგიდგენთ ცხრილის სახით”, _ აღნიშნულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ხელაძის მიერ გამოგზავნილ წერილში.
ცხრილის სახით მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს (რეზო ჩიტიძეს) 1640-ლარიანი სამეული შეუძინეს; 2011 წელს _ 1000-ლარიანი საოფისე კარადა; 555-ლარიანი მობილური "ნოკიას" ფირმის ტელეფონი; 268 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი "სამსუნგი"; 1150-ლარიანი პერსონალური კომპიუტერი; 440-ლარიანი სავარძელი და 1500-ლარიანი კონდიციონერი.
2012, წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძინეს 1650-ლარიანი "პლანშეტური კომპიუტერი ჩანთით".
2012 წელს 200-ლარიანი ტელეფონია შეძენილი საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებისთვის, სავარაუდოდ, მდივნისთვის.
2009 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (ზვიად აფხაზავა), 1436-ლარიანი კომპიუტერი და 430-ლარიანი "ნოკია" შეუძინეს. 2011 წელს 1150-ლარიანი პერსონალური კომპიუტერი.
ჩამონათვალში წერია, რომ 2012 წელს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გადაეცა "მაგიდა უფროსის" _ ღირებულება 3280 ლარი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვერ განგვიმარტეს, რა აქვს ასეთი განსაკუთრებული "უფროსის მაგიდას", რომელიც 3280 ლარი ღირს.
დეტალების გასარკვევად ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, რევაზ ჩიტიძეს დავუკავშირდით:
_ ის მაგიდა ბიუჯეტის ფულით არ არის შეძენილი. როცა ლანჩხუთის პოლიციის შენობა გარემონტდა, ძველი ინვენტარი ჩვენ გადმოგვეცა. ზვიადს არ ჰქონდა მაგიდა და ამიტომ გადავეცით. რაც შეეხება მის ღირებულებას, თუ არ ვცდები, კახა თარგამაძის ნაქონი მაგიდაა და იმიტომაა მასეთი ფასის, _ გვითხრა ჩიტიძემ.
დაზუსტებული ინფორმაციით, ბიუჯეტის ფულითაა შეძენილი 2010 წელს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" 1500-ლარიანი "პირადი კომპიუტერი"; 2011 წელს კი 555-ლარიანი მობილური ტელეფონი "ნოკია".
ინფრასტრუქტურის კომისიისთვის 2011 წელს ორი ტელეფონია ნაყიდი _ 234-234 ლარიანი "სამსუნგები".
საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის და სოციალურ საკითხთა კომისიის ბალანსზე 2010 წელს 312-ლარიანი "სამსუნგი" იყო. 2011 წელს დამატებით შეიძინეს ორი ცალი 234-234 ლარიანი "სამსუნგი". 2012 წელს 300-ლარიანი ტელეფონიც არის შეძენილი.
ფრაქცია "ლანჩხუთელებს" 2011 წელს 234 ლარიანი სამსუნგი უყიდეს.
საკრებულოს აპარატისთვის 2009 წელს 315-ლარიანი "ნოკიაა" ნაყიდი; 2010 წელს 350-ლარიანი "ნოკია"; ამავე წელს "ახალი კომპიუტერი" ღირებულებით _ 1300 ლარი.
2011 წელს აპარატისთვის შეძენილია 6 ცალი "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი საერთო ღირებულებით _ 1776 ლარი და ერთი ცალი "ნოკია" 555 ლარად.
2012 წელს საკრებულოს აპარატს კიდევ სამი ტელეფონი შეუძინეს _ "X3 220" ლარად, I 303 280 ლარად და "IC3" 255 ლარად.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელ გია გოგუაძეს 2009 წელს 430-ლარიანი ტელეფონი აქვს შეძენილი; 2010 წელს 1500-ლარიანი "პირადი კომპიუტერი"; ამავე წელს 600-ლარიანი "გამგებლის სათათბირო მაგიდა";
2012 წელს გამგებლისთვის 195-ლარიანი ტელეფონი კიდევ არის შენაძენი.
გამგებლის მოადგილეს, 2011 წელს 234-ლარიანი ტელეფონი უყიდეს; 2012 წელს კი პერსონალური კომპიუტერი ჩანთით, რომელშიც 1000 ლარია გადახდილი.
როგორც ჩანს, საკრებულოს აპარატის მსგავსად, ტელეფონი გამგეობის საფინანსო სამსახურშიც ჰყვარებიათ. 2010 წელს სამი ტელეფონია შეძენილი _ 290 და 255-255 ლარიანი, 2012 წელს _ 140 და 145-ლარიანი.
შესყიდვების სამსახურს ხუთი წლის განმავლობაში სამი ტელეფონი აქვს შეძენილი, ადმინისტრაციულ სამსახურს _ ოთხი.
ამავე პერიოდში 6 მობილური ტელეფონი შეიძინა ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურმა; 3 _ შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურმა; 5 ტელეფონი აქვს შეძენილი ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და არქიტექტურის სამსახურს; 4 ტელეფონია კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ბალანსზე; 3 ტელეფონი იურიდიულ სამსახურს ეკუთვნის, 2 _ ზედამხედველობის სამსახურს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა 80 000-ლარიანი საათი "ჯორჯიაა", რომელიც ქალაქის ცენტრში 2009 წელს დაიდგა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლის შენაძენები ასე გამოიყურება: ზვიად აფხაზავა _ 500-ლარიანი მობილური ტელეფონი; საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილ_ 500-ლარიანი მაცივარი; გამგებლის მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი _ 50-ლარიანი ტელეფონი; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გია ორაგველიძე _ 50-ლარიანი ტელეფონი; თენგიზ ხელაძე, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი _ 50-ლარიანი ტელეფონი; ნუგზარ ცინცაძე, სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელი _ 50-ლარიანი ტელეფონი; ამირან გიგინეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე _ 50-ლარიანი ტელეფონი.
2013 წელს, ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარეს, გელა ქურიძეს 150-ლარიანი ტელეფონი შეუძინეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიდან, გასულ წელს, ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მაკა კვირკველიას აქვს გაკეთებული. კვირკველიას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ბიუჯეტის არასწორად ხარჯვაში წლების განმავლობაში ადანაშაულებდა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე 500-ლარიანი მობილური ტელეფონი, 800-ლარიანი კომპიუტერი და 270- ლარიანი სავარძელი აქვს ბიუჯეტის თანხით ნაყიდი.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაციის სრულად არ ქონის გამო, ვერ მოხერხდა გადამოწმება ამ ეტაპზე სად და ვისთან არის ის ქონება, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გარკვევაც, ვისგან აქვს შეძენილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ტელეფონები, კომპიუტერები და ჩოხატაურის მსგავსად, მათაც ერთსა და იმავე ინდმეწარმეზე ხომ არ აქვთ არჩევანი გაკეთებული იმ დროს, როცა ქვეყანაში მობილური ტელეფონის ბრენდული მაღაზიები არსებობს.