აფხაზეთის დაცემის დღიდან 21 წელი გავიდა. ოზურგეთის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ინიციატივით, ქალაქის საჯარო სკოლების უფროსი ასაკის მოსწავლეთათვის, კონკურსი – "აფხაზეთო, ტკივილო ჩემო" ჩატარდა.
არგუმენტირებული ესეს სახით, ბავშვებს უნდა წარმოედგინათ საკუთარი დამოკიდებულება ეროვნული სხეულის სატკივარის მიმართ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი, მეოთხე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელმა, მარიამ დარჩიამ დაიკავა. მეორე ადგილი, მეორე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეს, ლევან სიხარულიძეს ერგო. ხოლო მესამე ადგილზე, მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი, არლი ზაქარიაძე გავიდა.
ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები გადასცა.
განათლების და კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ, მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და აღნიშნა, რომ დღევანდელ თაობას აფხაზეთი არც უნახავს და არც ახსოვს, ამიტომ, ეს ნაბიჯი ხსოვნის გარდა, ემსახურება იმაზე ფიქრს, როგორ დავიბრუნოთ მშობლიური კუთხე და რას ფიქრობს ამაზე ჩვენი მომავალი თაობა.
საინტერესო იყო მოსწავლეთა გულწრფელი და მხატვრული ორიგინალობით დაწერილი ესეები, სადაც მწარე სინამდვილეც შეგვხვდა: "…ტკივილს ვერ ვგრძნობ… მესმის, რომ აფხაზეთი ჩემი მიწაა, მაგრამ იგი მე არ მტკივა, რადგან ჩემს სიცოცხლეში შეხება არ მქონია… ზეპირად და თეორიულად კი სიყვარული არ მოდის"…
"ეს არის ჩვენს გამოსაფხიზლებლად მოქნეული ფრაზა და მადლიერი ვარ! ამიტომ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ახალ თაობას ტკივილითა და სიყვარულის განცდით ახსოვდეს აფხაზეთი, სამაჩაბლო… ", _ თქვა მარინა ჯაფარიძემ.
დაჯილდოების შემდეგ, გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ქალაქის მერმა და სამსახურის წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა მემორიალი.