ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამაშველო და ინფრასტრუქტურის სამსახურები, რამდენიმე საათია უკვე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თენგიზ ხელაძის ინფორმაციით, მთლიანად მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად საკმაოდ რთული მდგომარეობაა შექმნილი.
"სოფელ ჩოჩხათში, მდინარე "შუთმამ" საცხოვრებელი სახლიდან 20 მეტრის მოშორებით, ძირი გამოუთხარა ტრისტან გუჯაბიძის საკარმიდამო ნაკვეთს, რომან გოგელიას სახლის წინ კი მეწყერი ჩამოწვა. სოფელ მოედანში, მდინარე სუფსის ადიდების შედეგად, დატბორილია ოთხი ოჯახი. საყანე ფართობები კი მთლიანად წაღებულია.
სოფელ ჩოჩხათისა და შრომის უბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, ფაქტობრივად, მოძრაობა შეუძლებელია, ძლიერი წვიმების გამო, საკმაოდ დიდი ზომის ასობით ჭაა გაჩენილი.
სოფელ აცანაში, რვა უბანია დამეწყრილი. ნინოშვილში ერთი მოსახლე დაიმეწყრა, ასევე მეწყერი ჩამოწვა სოფელ ქვიანშიც. ხაჯალიაზე საყანე ფართობები განადგურებულია.
ნიგოითის თემში, სოფელ ჭყონაგორაში, ორმოცაძეების საცხოვრებელი დაიტბორა, ადგილზე იმყოფებოდნენ, როგორც სამხარეო, ასევე ადგილობრივი პოლიციის უფროსები, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას, აქ მოსახლეობას, ზოგიერთ ადგილზე სანიაღვრე არხების არარსებობა, ზოგან კი გაუმართაობა უქმნის პრობლემებს.
გამოდარებამდე შესაბამისი სამსახურები ისევ საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და სწავლობენ სოფლებში არსებულ მდგომარეობას", _ ამბობს ხელაძე.