"საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" (მუხლი 54-ის დ.ბ. პუნქტი) მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ გამგებელი საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაციის შესახებ.
26 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო, თანხმობა მიეცა გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. თუმცა, საკრებულოს არც ერთმა წევრმა არ იცოდა და დღესაც არ იცის, რა სახეს მიიღებს რეორგანიზაციის შემდგომ ესა თუ ის ა(ა)იპ-ი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხს არ ახლდა რეორგანიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დებულებების პროექტები, არ იყო წარმოდგენილი მათი სტრუქტურის პროექტები, საშტატო რიცხოვნების საპროექტო მონახაზები. მასალას ასევე არ ახლდა განმარტებითი ბარათი, თუ თითოეული ა(ა)იპ-ის შემთხვევაში აღნიშნული რეორგანიზაცია რა ფინანსურ შედეგს მოუტანს რაიონის მწირ ბიუჯეტს. და თუ მოსალოდნელია, რომ რეორგანიზაცია გარკვეულ ფინანსურ რესურსს გამოათავისუფლებს, ამას დეტალური დასაბუთება სჭირდება, კონკრეტული პარამეტრების განხილვით, რაც ასევე არ მომხდარა.
ჩვენ დავინტერესდით იმ ადამიანების მოსაზრებებითა და არგუმენტებით, რომლებმაც საკრებულოს სხდომაზე ხმა არ მისცეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაციის საკითხს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დარეჯან ბურჭულაძის თქმით, საკითხები აშკარად მოუმზადებელი და ნაჩქარევად იყო გამოტანილი სხდომაზე:
_ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მე ეს განვაცხადე კიდეც. საფუძვლად აღნიშნულ საკითხებზე გამგეობის მიერ მომზადებული პაკეტის არასრულყოფილება დავასახელე. თავად განსაჯეთ _ პაკეტი, ძირითადად, შედგებოდა ორი პუნქტისაგან: 1. პროექტის მიღების მიზეზი, მიზანი და არსი. 2. პროექტის ფინანსური დასაბუთება.
პირველ პუნქტში ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ ყველა ზემოჩამოთვლილ ა(ა)ი პ-ებს გააჩნიათ ადმინისტრაცია, ბიუჯეტი და ცალ-ცალკე ახორციელებენ შესყიდვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობა მიიჩნევს, რომ ერთი ადმინისტრაციის პირობებში ყველა მათგანის გაერთიანება უფრო ეფექტურს გახდის დარგის მართვას, ასევ ხელს შეუწყობს საერთო მიზნების განხორციელებას ნაკლები ფინანსური რესურსის ხარჯვის პირობებში. რაც შეეხება ფინანსურ დასაბუთებას, აქ მხოლოდ ერთი რამ წერია: "პროექტის მიღება არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას".
შეიძლება ამხელა რეორგანიზაცია ამ თითო განაწერა არგუმენტებით დასაბუთდეს? თუ ეკონომიაა, ხომ უნდა ვიცოდეთ, რამდენი და რის ხარჯზე?! რამდენ ადამიანს მოუწევს სახლში წასვლა და რას ვთავაზობთ მათ სანაცვლოდ _ სახლში ჯდომას თუ თურქეთში სამუშაოდ წასვლას?! მესმის, რეორგანიზაცია გასატარებელია, შტატებიც გაბერილია, მაგრამ ეს ხომ დალხინებული ცხოვრების გამო არ ხდება?
სულ სხვა თემაა, ა(ა)იპ-ების: "ტურიზმის ცენტრის", "აგრო-ბიზნესის" და შპს "ლანჩხუთი სერვისის" გაერთიანება. როცა შესაბამის პაკეტში წერია, რომ ერთი ადმინისტრაციის პირობებში ყველა მათგანის გაერთიანება უფრო ეფექტურს გახდის, როგორც დარგის მართვას, ასევე, ხელს შეუწყობს საერთო მიზნების გახორციელებას ნაკლები ფინანსური რესურსის ხარჯვის პირობებში, საინტერესოა რომელ დარგზეა საუბარი? _ კითხულობს დარეჯან ბურჭულაძე.
გია გოგუაძე, საკრებულოს წევრი: "ჩემი აზრით, საკითხი არის ძველი და არასასურველი კადრების სახლში გაშვების მიზნით შეფუთული. გაცილებით კონსტრუქციული მსჯელობა იყო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, სადაც თითქმის ყველა წინააღმდეგი იყო აღნიშნული რეორგანიზაციის, მაგრამ არც ამ და არც სხვა კომისიების დასკვნები საკრებულოს სხდომაზე არ გაჟღერებულა.
არ იყო არგუმენტირებულად დასაბუთებული ფინანსური სარგებელი, არ ჩანდა თუნდაც ის, რომ, მაგალითად, მუზეუმების ადმინისტრაცია თუ თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, როგორ გააკეთებს გაერთიანების შემთხვევაში. ან რა ბედი ეწევა სამუსიკო, სამხატვრო სკოლებს. როგორ გაიცემა კურსდამთავრებულისთვის განკუთვნილი დიპლომი და საერთოდ, რა სახით იქნებიან ისინი წარმოდგენილი ამ დიდ მონსტრში. წარმოიდგინეთ, როგორ ჟღერს სამუსიკო ან სამხატვრო სკოლის განყოფილება".
ემზარ თედორაძე, ფრაქცია "დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე: "ფაქტია, რომ ყველაფერი ძველი კადრების სახლში გაშვებას ემსახურება. მაინტერესებს, რა კრიტერიუმით მოხდება ახალი კადრების, ან რას ემსახურება ბაღების გაერთიანებაში ზონების მიხედვით კურატორების დანიშვნა. ხომ არსებობს აღნიშნულ სამსახურში მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, შერჩევის წესით გადის ადგილებზე შემოწმებისთვის? როგორ უნდა მოახერხოს კურატორმა ყოველდღიური შემოწმება _ ამას ხომ უამრავი ზედმეტი ხარჯი სჭირდება. რომ ამბობენ, ბაღებში არაკომპეტენტური კადრებია დასაქმებულიო, ამის თქმის საფუძველს რა აძლევთ, ვინმემ შეისწავლა ეს საკითხი?"
საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა ამბობს, მას აქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ გამგებელთან დევს იმ ადამიანების სია, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში მას არ ედგნენ მხარში:
"თუ ეს დადასტურდა და უფრო მეტიც, ეს ყველაფერი აისახა ამ რეორგანიზაციის შედეგად მათი სახლში გაშვებით, მაშინ კანონით მინიჭებული უფლების (რომელიც საკრებულომ მიანიჭა თავისი გადაწყვეტილებით გამგებელს) პოლიტიკური მიზნით გამოყენება კარგს არ მოუტანს არც მუნიციპალიტეტს და არც ზაზა ურუშაძეს".
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაციის თემა უამრავ კითხვას ბადებს, მათ შორის, რამდენიმეს საჯაროდ ვთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული რეორგანიზაციის მხარდამჭერები არიან. ვიმედოვნებთ, რომ უახლოს დღეებში აღნიშნულ კითხვებზე ამომწურავ პასუხს მივიღებთ:
_ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკრებულოში წარმოდგენილი საკითხები მოიცავდა თუ არა რეორგანიზებული ა(ა)იპ-ების დებულების პროექტებს? თუ არა, რატომ?
_ თუ მოიცავდა რეორგანიზებული ა(ა)იპ-ების სტრუქტურის პროექტებს და საშტატო რიცხოვნების შესახებ ინფორმაციას?
_ გაანალიზებული იყო თუ არა, რა ფინანსურ შედეგს მოუტანს ბიუჯეტს აღნიშნული რეორგანიზაცა?
_ დასაბუთებული იყო თუ არა მოქმედი ა(ა)იპ-ების უარყოფითი მხარეების არსებობა და მათი გამოსწორების აუცილებლობა?
_ რადგან თანხმობის მისაღებად შემოტანილ საკითხებს თან არ ახლდა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია, საინტერესოა, როგორ იმსჯელეს საკრებულოს კომისიებმა და ფრაქციებმა თანხმობის მიზანშეწონილობასა და მიზანშეუწონლობაზე?
_ რატომ არ გაჟღერდა სხდომაზე კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები?
_ არსებობს თუ არა საშიშროება იმისა, რომ გარკვეული პროცესუალური დარღვევების გამო, ვინმემ გაასაჩივროს საკრებულოს აღნიშნული განკარგულება და სასამართლომ ბათილად ცნოს იგი?