ლანჩხუთს ერთი სპორტული დარბაზიც რომ არ გააჩნია, ეს ახალი ამბავი არაა _ უკვე რამდენიმე წელია, ამ საკითხზე მიდის საუბარი, დაპირებებიც ბევრი ყოფილა, მაგრამ საქმე წინ არ წასულა.
ჯერ კიდევ 2007 წელს, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლანჩხუთში საცურაო აუზის გახსნისას შეამჩნია იქვე, გვერდით არსებული კომპლექსური სასპორტო სკოლის დანგრეული შენობა და მაშინვე მიიღო შენობის რეაბილიტაციის დაწყების გადაწყვეტილება.
შესაბამისი დავალებაც გაიცა და მალევე გაკეთდა სპორტული დარბაზის პროექტი, რომლის გახორციელებაც მილიონ 600 ათასი ლარი უნდა დამჯდარიყო. თავად პროექტის ღირებულება 50 ათასი ლარით განისაზღვრა. ამ თანხის ნაწილი (10 ათასი ლარი) მაშინ მუნიციპალიტეტმა გაიღო.
პროექტი კი გაკეთდა, მაგრამ საქმე წინ არ წაწეულა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სპორტული დარბაზის თემა კვლავ აქტუალური გახდა. საქმის კურსში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრიც იყო. ლევან ყიფიანმა დაგვაიმედა _ ვეცდებით ამ საკითხის გადაჭრაში მოგეხმაროთო. სპორტული დარბაზის არსებულ პროექტსაც გაეცნო და მოიწონა კიდეც. თუმცა, გასულ წელს დანაპირები ვერ შესრულდა.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, იგეგმება თუ არა 2015 წელს აღნიშნული დარბაზის მშენებლობა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ ხელაძე ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ საკითხი პრიორიტეტულია და მომავალ წელს შესასრულებელ დავალებათა ნუსხაში აუცილებლად შეიტანენ: "აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია ჩვენთვის და მომავალი წლის გასახორციელებელ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში დარბაზის მშენებლობას აუცილებლად შევიტანთ. სხვა საქმეა, რას გადაწყვეტს სახელმწიფო და მოგვცემს თუ არა საამისოდ საჭირო საკმაოდ სოლიდურ თანხას".