ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ ოზურგეთში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ხშირად აჯარიმებენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს.
შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ოზურგეთში მძღოლების დაჯარიმების ფაქტები იშვიათად არის. მიუხედავად ამისა, ქალაქში ხშირად მოისმენთ საყვედურს პატრულის მისამართით. ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდეგი სახის კომენტარს აკეთებენ.
"2012 წლის 1 ოქტომბრიდან, შემოიღეს ახალი მოდიფიკაციის ალკოტესტები, რომელიც წელიწადში ორჯერ მოწმდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ენიჭება შესაბამისი სერთიფიკატი, რის შემდეგაც ყველა რეგიონს გადაეცემა. მინიმალური ზღვარი (ნასვამ მდგომარეობაში) არის 0,300-ზევით პრომილი, ხოლო შემოწმების პროცესი ფიქსირდება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის სპეციალური აღჭურვილობით – ვიდეოთვალით. მძღოლს განემარტება მისი უფლება, რომ ორი საათის განმავლობაში, თუ შემოწმებული მძღოლი არ ეთანხმება ალკოტესტით შემოწმების შედეგს, შეუძლია ალტერნატიული შემოწმება გაიაროს სამხარაულის ეროვნულ ცენტრში, რასაც აუცილებლად განუმარტავს პატრულის თანამშრომელი, ცენტრი კი დასავლეთ საქართველოში განთავსებულია ქალაქ ბათუმსა და ქუთაისში.
იმ შემთხვევაში, თუ იქ დახვდა რიგი, დაუყონებლივ რიგგარეშე შემოწმება მას შემდეგ განხორციელდება, თუ ის 30 ლარს გადაიხდის (სურვილის შემთხვევაში). ხოლო თუ მას არ დაუფიქსირდა სიმთვრალე, შესაბამისი ცენტრის მიერ გაიცემა ცნობა სიფხიზლის შესახებ, რომლის საპატრულო პოლიციაში წარდგენისა და განცხადების დაწერის შემთხვევაში, აღნიშნული ცნობის საფუძველზე განიხილება განცხადება და გამოტანილ იქნება დადგენილება – შედგენილი საჯარიმო ქვითრის გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეს უბრუნდება ჩამორთმეული მართვის მოწმობა", _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.