ორშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნება _ კონსერვატორების" თავმჯდომარემ ალექსანდრე მახათაძემ განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, იმნათის ტბის მიდამოებში, სადაც ტორფის საბადოებია, ფირმა "ფოთი-ტორფს" დაწყებული აქვს ტორფის ამოღების სამუშაოები. მისი თქმით, გაუგებარია, ვინ მისცა ხსენებულ ფირმას ტორფის ამოღების უფლება, მაშინ, როცა ეს კანონით აკრძალულია. მახათაძე იმითაც დაინტერესდა, თუკი ფირმას ოფიციალურად აქვს უფლება აწარმოოს სამუშაოები, მაშინ სად იხდის იგი კანონით გათვალისწინებულ მოსაკრებელს, რომელიც, წესით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა აისახოს.
მახათაძემ დეპუტატებს შესთავაზა, შეიქმნას სპეციალურ კომისია, რომელიც იმნათის საბადოს ამოქმედების საკითხს შეისწავლის. ბიუროს წევრების მხრიდან ამ თემას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა _ ზოგი ამ პრობლემას გადაუჭრელად მიიჩნევს, ზოგიც ტორფის ამოღების წინააღმდეგია ეკოლოგიური პრობლემების გამო. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ შესასწავლია და მუშაობა ამ მხრივ სამომავლოდაც გაგრძელდება. ამ ეტაპზე კი გამგეობის შესაბამის სამსახურებს დაევალათ, ადგილზე გაარკვიონ, თუ რა ხდება იმნათის ტორფის საბადოებში.