ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავი"-ს წევრების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავი"- ს თავმჯდომარე და შპს "ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორი, ზაზა რაზიკაშვილი ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენლია, რომ ზაზა რაზიკაშვილმა 2006 – 2010 წლებში, მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი და კომერციული ფართების შეძენის სანაცვლოდ, შეტანილი თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა ქ.თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც დღესაც დაუსრულებელია, ხოლო 14 800 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც 100-ზე მეტ მოქალაქეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ვადით.