ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებთან, ასევე, "გაერთიანებული წყალმომარაგების ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სერვისცენტრის" დირექტორ დავით ცერცვაძესთან და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელ გია ნაკაიძესთან ერთად, ექადიაზე, ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, რომლებმაც გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე იმ გარემოებებზე ისაუბრეს, რომელთა მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მათ თხოვეს მერს, თავად გაცნობოდა არსებულ სიტუაციას.
მოსახლეობის განმარტებით, მათთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ქარხანა "მანქანათმშენებელი", სადაც უცხოელი ინვესტორები ტყვიას აწარმოებენ, წარმოების დროს გადამუშავებული მასალა კი წარმოქმნის უსიამოვნო სუნს, რის გამოც, მოსახლეობას უჭირს სუნთქვა, კვამლი უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. ასევე, პრობლემური საკითხია ელექტროენერგიის წყვეტილი მიწოდება, რომელზეც სუსტი ქარიც კი მოქმედებს. მწვავედ დგას წყალმომარაგების საკითხიც, მოსახლეობა წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მთლიან გამრიცხველიანებას ითხოვს. მათივე თხოვნაა გარე განათების მოწყობა.
ბეგი სიორიძე: "როგორც დაგპირდით, მოვედი, რათა მოგისმინოთ და გავიგო ყველა ის პრობლემა, რაც თქვენ გაწუხებთ, არ მინდა აქედან ისე წავიდე, რომ გაურკვეველი დარჩეს რაიმე საკითხი. ნებისმიერ დროს, როდესაც განმეორდება მსგავსი ფაქტი, დამიკავშირდით . შესაბამის სამსახურებთან და თქვენთან ერთად, მივალ ქარხანაში, რათა გავიგოთ რა პროცესები მიმდინარეობს იქ. რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემას, მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხდება ძველი წყალგაყვანილობის მილების გამოცვლა, სამუშაოების განხორციელების შემდეგ გაუმჯობესდება წყლის ხარისხი, მიწოდების გრაფიკი, ასევე, მოხდება გამრიცხველიანებაც. თქვენივე თხოვნის შესაბამისად, აუცილებლად მოეწყობა გარე განათებაც".
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი გია ნაკაიძე : „ ავარიული გამორთვები მართლაც ფიქსირდებოდა ყაზბეგის ქუჩაზე, თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიამ, გუშინ, ჩაატარა სამუშაოები და გაასწორა ხარვეზები, შესაბამისად მოსახლეობას მსგავსი პრობლემები აღარ უნდა შეექმნას." _ განაცხადა მან.(R)