სხვადასხვა პროფესიის რვა გოგონასგან შემდგარი ანსამბლი “გორდელა” საქართველოში პოპულარობას დღითიდღე იხვეჭს. “გორდელაში” ერთი ოზურგეთელი გოგონაა _ ქეთი კვირკელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, იური ჩიხლაძის “ედელვაისში” სალამურზე უკრავდა.
ქეთი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია.
_ “გორდელა”, როგორც ანსამბლი 2007 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და დღემდე ყველანაირად გვეხმარებიან იმ რესურსით, რაც ანსამბლს სჭირდება არსებობისთვის, როგორც თსუ-ს ადმინისტრაცია, ისე თვითმმართველობა.
გოგონების შეკრება მოხდა თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებელში, სადაც ბატონი თამაზ მამალაძე ასწავლიდა სპეციალურ საგანს _ ხალხურ საკრავებს. ამავე დროს, უნივერსიტეტში არსებობდა ვაჟთა ანსამბლი “ხორუმი”, რომელიც იშლებოდა და მაშინდელ კულტურის ხელმძღვანელს, თენგიზ ყურაშვილს გაუჩნდა იდეა, რომ გოგონების ანსამბლი ჰყოლოდა. ასე გადმოინაცვლეს გოგონებმა უნივერსიტეტში. მე მათ 6 თვის შემდეგ შევუერთდი, ადრე ვუკრავდი გურიაში, ანსამბლ “პირველ სხივში”, რომლის ხელმძღვანელიც ყველასთვის საყვარელი ადამიანი ბატონი იური ჩიხლაძე იყო.
“გორდელაში” თავიდან მხოლოდ მე და სოფომ ვიცოდით ინსტრუმენტზე დაკვრა, ოთხი წელია ძალიან დატვირთული რეჟიმით ვმუშაობთ, დაახლოებით, ოცი ინსტრუმენტი გვაქვს ანსამბლში, ყველა ყველაფერზე უკრავს.
_ პირველი წარმატება როდის მოვიდა?
_ “არტ-გენზე”. სულ პირველი სერიოზული კონცერტიც, ალბათ, მაშინ გვქონდა. საერთოდ, ეს ფესტივალი იმით გამოირჩევა, რომ ეძებს ახალ ტალანტებს. ჩვენი სახით ორგანიზატორებმა საკმაო რისკი გასწიეს, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, არასოდეს დაგვავიწყდება ის ემოცია, რაც მაშინ მივიღეთ. წლიდან წლამდე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელს გემოვნებიანი და კარგი კონცერტი შევთავაზოთ.
_ როგორ უთავსებთ სწავლას და მუსიკას ერთმანეთს?
_ ყველანაირად ვცდილობთ, დრო კარგად გავანაწილოთ, დილის საათებში სწავლისთვის ვიცლით, საღამოს ექვსი საათის შემდეგ გვაქვს რეპეტიციები, ცხრა საათამდე. კვირაში ხუთ დღეს ვრეპეტიციობთ და ახალ სიმღერებზე ვმუშაობთ. თუმცა ყოფილა შემთხვევა, დღეში ორჯერაც გვქონია და შაბათ-კვირაც გამოგვიყენებია, თუმცა, ეს იშვიათად ხდება.
_ კომერციულ კონცერტებზე ხშირად გიწვევენ?
_ მიწვევის გარეშე არსად არ დავდივართ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კონცერტი ანაზღაურებადია, ხშირია საქველმოქმედო კონცერტები. თავიდან დავიწყეთ აღრიცხვა, თუ რამდენ კონცერტზე ვიყავით ნამყოფი, მაგრამ სამასს რომ გადავცდით, მერე აღარ დაგვითვლია.
_ მაინც რატომ გადაწყდა, რომ ანსამბლის სახელწოდება უნდა ყოფილიყო “გორდელა” და გოგონებისგან დაკომპლექტებული?
_ ანსამბლს “გორდელა” დაერქვა ძველი “გორდელას” გამო, მათ პატივსაცემად, ვინც შექმნა ეპოქა ხალხური სიმღერებისა. მათ 50 წელი შეუსრულდათ, ვულოცავთ ამ თარიღის. რაც შეეხება თვითონ სახელის მნიშვნელობას, ეს ნიშნავს პატარა ხმას, ასევე არის ნადურის (სიმღერის) ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც სამ ხმაში სრულდება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ გადავდივართ ძველი რელსებიდან, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. გოგონები? _ მეცინება. ჩვენი ხელმძღვანელი “ბიჭებს” გვეძახის.
_ ანსამბლი ახალშექმნილი იყო, როდესაც ოზურგეთში გამართეთ კონცერტი, კიდევ ხომ არ იგეგმება თქვენი ჩამოსვლა?
_ გურია აქტიურად გვიდგას მხარში, რამდენჯერ მოგვიწია იქ კონცერტის ჩატარება. ბახმაროშიც ვიყავით. ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა ჩატარებულიყო მორიგი კონცერტი, მაგრამ აპარატურა უნდა შეიძინონ და ამის გამო გადაიდო.
_ ძალიან ორიგინალური აღმოჩნდა ხალხურ საკრავებზე შესრულებული უცხოური ჰიტები.
_ ხშირად ფიქრობენ, რომ ქართული სიმღერების გარდა ჩვენ სხვა სიმღერების შესრულება და მოსმენა არ შეგვიძლია. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გვკითხა, უცხოურ სიმღერებს თუ უსმენთო. მე ვუთხარი, რომ ვუსმენ U2-ს და “თუ ფაქის” ფანი ვარ-მეთქი.
_ თქვენი პირველი ალბომი როდის გამოდის?
_ ძალიან მალე. “ქართული ხმების” სტუდიაში მიმდინარეობს სიმღერების ჩაწერა, ამ დროისთვის ჩაწერილია ცხრა სიმღერა, რაც საბოლოო გასწორების პროცესშია.
_ როგორ ახერხებს თქვენი პედაგოგი რვა გოგონას “დამორჩილებას”?
_ კიდევ კარგი, მარტო ჩემთან იწერება ამჟამად ინტერვიუ, თორემ გოგონები მე დამაბრალებდნენ, რომ ჭაღარა ჩემს გამო აქვს ჩვენს პედაგოგს. “გორდელას” ხელმძღვანელი გურულია და ყველაფერს უძლებს.
_ ვის ეძღვნება თქვენი სიმღერები, რომლის უმეტესობა სიყვარულზეა?
_ ჩვენი ცხოვრება ხომ ერთი დიდი სიყვარულია. მართლმადიდებლური ეკლესიის მრწამსიც ხომ სიყვარულია. სწორედ ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ამ თემამ ქართულ ფოლკლორში ჰპოვა ასახვა. რადგან ანსამბლში არ არიან ბიჭები, ბიჭის ტექსტის შესრულებაც გოგოებს გვიწევს.
_ გულშემატკივრების სიაში მამაკაცები ჭარბობენ?
_ ისინი ძალიან თბილად და კარგად გამოხატავენ თავიანთ სიმპათიებს ჩვენ მიმართ. ყოფილა საჩუქრები _ ყვავილები, დათუნიები და შოკოლადები.