შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წელს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტიკიცებად ამოღებული ავტომანქანა "ფორდ ტრანზიტი" კეთილსინდისიერ მყიდველ ვაჟა ქათამაძეს დაუბრუნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე საქართველოში იმპორტირებული და საქართველოს შსს-ში რეგისტრირებული ავტომანქანის შეძენის შედეგად დაზარალდა. ავტომანქანის შეძენის შემდეგ დადგინდა, რომ მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები იყო შეცვლილი, რაც გახდა გამოძიების დაწყებისა და აღნიშნული ავტომანქანის ჩამორთმევის საფუძველი.
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დადასტურდა, რომ ავტომანქანის შეძენა კეთილსინდისიერად მოხდა. ასევე გამოირიცხა დაზარალებული პირის რაიმე ფორმით მონაწილეობა მითითებულ დანაშაულში.
აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო და სატრანსპორტო საშუალება "ფორდ ტრანზიტი" მის კეთილსინდისიერ მყიდველს დაუბრუნა.