დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, იქ მისულთ ლოდინი მოგვიხდა.
გვითხრეს, რომ მხარის გუბერნატორი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები ერთმანეთს დახურულ რეჟიმში ხვდებიან დ ცოტა დაიცადეთო. მოგვიანებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაიწყო, რომელსაც 39 დეპუტატი ესწრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო.
წარმოდგენილ თერთმეტ საკითხს შორის, მეექვსე და მეშვიდე საკითხებმა:
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე და "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე, _ დეპუტატთა სერიოზული ხმაური გამოიწვია.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ საკითხების გადადება მოითხოვა, რაც იმით ახსნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება უნდა გავითვალისწინოთ და ამასთანავე, ვიდრე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი არ ჩატარდება, ხელფასების გაცემა ძველი ტარიფით მოხდესო. ამის გამო დეპუტატები ახმაურდნენ. ისინი ხელფასების მატების შეჩერების მიზეზად გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს ასახელებდნენ. ამიტომ გურიის გუბერნატორის მისამართით, დეპუტატებისგან გაბრაზებული ტონით ნათქვამი, არაერთი მოთხოვნა გაისმა:
ხვიჩა წულაძე, დეპუტატი : დავაყენოთ კენჭისყრაზე საკითხი, თუ ვართ დეპუტატები, ვიყოთ! თუ არაფრის მაქნისი ვართ, დავიშალოთ და წავიდეთ სახლში. თავიდან მე თვითონ არ ვიყავი ხელფასების მატების მომხრე, მერე მაინც გადაწყვიტეთ, ახლა რას ამბობთ და ვის მითითებას ასრულებთ?
ლელა ნაცვალაძე, დეპუტატი : სანამ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? საკრებულოების გასაღები სანამ უნდა ედოს ვიღაცას ჯიბეში? გუბერნატორმა თავის საქმეს მიხედოს. ვიღაცას რომ გამოეღვიძება თუ გამოფხიზლდება და საკრებულოს რაღაცას უგეგმავს, პრემიები რომ დაარიგა ტყუილა, ის მოიკითხოს. არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ახლავს ამას, ერთი კაცის, გუბერნატორის ახირებაა, დიახ, ახირება, რომ საკრებულო და ოზურგეთის მერია ჯიბეში ჩაიდოს. თვითონ რაში არიგებს პრემიებს, ხომ გასცა ახლახან, მობრძანდეს აქ , დაგვიჯდეს და გვიპასუხოს.
მიხეილ გოგოტიშვილი, დეპუტატი: გაბერილი ხელფასების მომხრე არ ვარ, მაგრამ ეს საკითხი არაა ვინმეს გადასაწყვეტი, ჩვენს გარდა. ყველამ ერთად, ნაციონალმა, კოალიციამ თუ ბურჯანაძის პარტიამ, ვისი წარმომადგენლებიც ვართ აქ, თავად უნდა გადავწყვიტოთ სარგოების საკითხი და ნურავინ გვახვევს თავს რაღაცეებს.
დეპუტატი ხვიჩა წულაძე მოთმინებადაკარგული წამოდგა და დავით დარჩიას გადადგომისკენ მოუწოდა, თუ ვერ შვები ვერაფერს, ვიღაც მაგარი კაცი მოვა და ის იზამს მაგ საქმეს. ყველაფერში მართვადი როგორ უნდა იყო?
დავით დარჩიამ მოთმინებით აიტანა კოლეგა დეპუტატების შემოტევა და კვლავ თავის აზრზე დარჩა, რის გასამყარებლადაც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი კვერღელიძეს უხმო.
ბატონმა დიმიტრიმ აღნიშნული საკითხების ირგვლივ ისაუბრა, განმარტა, რომ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებამდე, მაინც მიზანშეწონილია ხელფასების ძველი ტარიფით გაცემა. დამდეგი ახალი წლიდან კი ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც იყო დაგეგმილი.
დეპუტატები კვლავ ახმაურდნენ, რაც ყვირილშიც გადაიზარდა. ვითარებიდან გამომდინარე, ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადეს, თუმცა, უმრავლესობის დახურულ თათბირს საათზე მეტი დრო დასჭირდა. როცა სხდომა გაგრძელდა, დეპუტატები დამშვიდებული ჩანდნენ, _ დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეც და ასევე, კონკურსის ვადების დასრულებამდეც, მოვალენი ვართ, ეს საკითხები სამომავლოდ განვიხილოთ და დღეისთვის ხელფასის ადრინდელი ტარიფი დარჩესო, თითქმის ერთხმად ამბობდნენ ისინი.
საბოლოოდ, დღის წესრიგის ეს ორი მწვავე საკითხი მომავალში განსახილველად გადადეს.