ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელი "სარაჯიშვილის", ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონისა" და მინერალური წყალი "ბორჯომის", ფალსიფიკაციის ფაქტზე, სამი პირი დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დასამზადებლად იყენებდნენ სხვადასხვა ესენციას და დაბალი ხარისხის სპირტს, ხოლო „ბორჯომის“ დასამზადებლად იყენებდნენ ონკანის წყალს, სოდას, მარილს, იოდს, აირს და წინასწარ შეგროვებულ 0,5 ლიტრიან ბოთლებში ასხამდნენ.
ფალსიფიცირებული სასმელების რეალიზაცია ხდებოდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. კუსტარული საწარმოს ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია და მანქანა დანადგარები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 დან 3 წლამდე ვადით.