პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე, საბჭოს წევრებთან, ეკა ბესელიასა და გიორგი გოზალიშვილთან ერთად დღეს ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის, ბათუმის საკრებულოებთან არსებულ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ორგანიზატორი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" იყო.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Woman) და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში ჩატარდა, რომელთა მიზანია ადგილებზე გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობის ინსტიტუციონალური მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა, ქალთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესება.
შეხვედრაზე ადგილობრივი გენდერული პერსპექტივებისა და ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს. თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებმა დეპუტატებს აღნიშნული მიმართულებით საკრებულოების მიერ ჩატარებული სამუშაოები გააცნეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განმარტებით, ეს არის პარლამენტის წევრების პირველი ფართომასშტაბიანი შეხვედრა საკრებულოს წევრებთან, რაც მათ მჭიდრო თანამშრომლობის და ერთდროულად მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემს.
"ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და კოორდინაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადგილებზე გენდერული პოლიტიკის დანერგვის, რესურსების თანაბარი განაწილების, ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისათვის", _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, უკვე ოთხ მუნიციპალიტეტში – ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკსა და ბათუმში დაიწყო მუშაობა. მათ მიერ ჩატარდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევები, რომელთა საფუძველზეც, ადგილობივ ბიუჯეტში გენდერული ასპექტების ინტეგრირებისათვის რეკომენდაციები შემუშავდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელების სამუშაო გეგმაზე. მანანა კობახიძის ინფორმაციით, ბათუმში უკვე დასრულდა ბიუჯეტის გენდერული ანალიზი, ხოლო დანარჩენ სამ მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ბიუჯეტის გენდერული ანალიზით შესაძლებელი გახდება განისაზღვროს, რამდენად სამართლიანად ხდება ადგილობრივი რესურსების განაწილება, რა მიმართულებით უნდა წარიმართოს თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებთან, რა პროგრამებით უნდა მოხდეს ქალთა ჯგუფების მხარდაჭერა და გენდერული ბიუჯეტის პრინციპების დანერგვა ადგილობრივ დონეზე.
როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, საბჭოების მიერ დარგის სპეციალისტების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დაინტერესებული სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა არაერთი საზოგადოებრივი დისკუსია, რომელიც ადგილობრივი გენდერული საჭიროებების გრძელვადიანი გადაწყვეტის პერსპექტივებს ეხებოდა.