რამდენიმე დღის წინ მილანის „ინტერი“ ახალმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ჩაიბარა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბატონი რობერტო ისტორიული სამშობლოს გარეთ მუშაობდა.
საინტერესოა, რომ ბრიტანულ „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის პრემიერ-ლიგის პირველობა მოაგებინა, თუმცა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერაფერს გახდა და მოგვიანებით, მანჩესტერული გუნდის არაბმა მეპატრონეებმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„ნისლიანი ალბიონის“ ქვეყნიდან წამოსვლის შემდეგ რობერტო მანჩინი სათავეში თურქულ „გალათასარაის“ ჩაუდგა. სამწუხაროდ წარმატებებს ვერც ამ გუნდში მიაღწია.
დღეს მანჩინის საფეხბურთო ფორტუნამ ახალი გამოწვევა მოუმზადა. რობერტომ მილანის „ინტერში“ ვალტერ მაცარი უნდა შეცვალოს და კლუბი ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს.
დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail” გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ინტერის“ ახალმა თავკაცმა საკუთარ გუნდში ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 34 წლის მოთამაშე სტივენ ჯერარდი მიიწვია.
ბრიტანული სპორტული მას-მედიის მტკიცებით, დიდია ალბათობა, რომ 2015 წლის იანვრის სატრანსფერო აქტიურობის პერიოდში, „ლივერპულის“ კაპიტანმა იტალიური კლუბის შემოთავაზება მიიღოს და კარიერა ქალაქ მილანში გააგრძელოს.