სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკვაშირებული 10 მასალა გადაუგზავნა.
მისივე თქმით, აღნიშნული მასალებიდან მხოლოდ ერთი ეხება ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვას, დანარჩენები 2011-2013 წლების მოიცავს.
"მასალები არ ეხება მხოლოდ 2013 წელს და მხოლოდ ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს. მასალები 2011, 2012 და 2013 წლებს მოიცავს. მთავარი პროკურატურისთვის გადაგზავნილი ყველა მასალა, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა შესაძლოა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ პროკურატურამ მიიჩნიოს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ აქვს. ეს უკვე მათი კომპეტენცია", _ განაცხადა ლაშა თორდიამ.
გენერალური აუდიტორის განმარტებით, საქმეების უმრავლესობაზე პროკურატურას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.
"ალასანიას მინისტრობის პერიოდს ეხება მხოლოდ ერთი მასალა. ასევე ერთ საქმეზე არის კითხვები, თუმცა ჯერ დარწმუნებულნი არ ვართ, ვინაიდან საკითხი კიდევ საჭიროებს კვლევას. ზოგადად, ჩვენ 2013 წელს მთავარი პროკურატურიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა სტატუსი აქვს ჩვენ მიერ გადაგზავნილ მასალებს. როგორც გვითხრეს, უმრავლესობაზე არის სისხლის სამართლის გამოძიება დაწყებული. შემდგომში ჩვენ გვექნება ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგა ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით", _ განაცხადა თორდიამ.