საქართველოდან ეგვიპტეში წასული, უცებ, შეიძლება, ისრაელშიც აღმოჩნდე. შარმ ელ შეიხის სასტუმროებში ჩასულ დამსვენებლებს ტურისტული კომპანიები სხვადასხვა ტურს სთავაზობენ, მათ შორის წმინდა მიწის მოლოცვას.
ეგვპიტე-ისრაელის საზღვარი ტაბას საბაჟოზეა. იქიდან ქართველებს უვიზოდ შეუძლიათ გადასვლა, თუმცა რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით, საბაჟოზე თითქმის ყველა ქართველს აჩერებენ და გამოკითხვას უტარებენ, რა მიზნით, რამდენი ხნით მიდიან იერუსალიმში და ა.შ.
სხვა დაბრკოლება, თუ საბუთები წესრიგში აქვთ, წმინდა მიწაზე მოსახვედრად ქართველებისთვის თითქმის არ არსებობს. სანამ იერუსალიმში მოხვდებიან, ტურისტებს გზად მკვდარი ზღვის მონახულება და იქ ბანაობაც შეუძლიათ. ზღვა იმდენად გაჯერებულია მარილით, რომ ადამიანი შიგ არ იძირება და წყლის ზედაპირზე ტივტივებს.
მკვდარ ზღვაში მოპოვებული მარილისგან სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებენ, რომლის შეძენა იქვე არსებულ მაღაზიებშიცაა შესაძლებელი. მკვდარი ზღვაზე დასვენების ყველაზე კარგი სეზონი შემოდგომაა, ზაფხულში ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს და მარილიან წყალში ჩასვლა რეკომენდებული არაა.
სხეულზე მოხვედრილი ზღვის წყალი, განსაკუთრებით თუ თვალში ჩაუვიდა ადამიანს, სწრაფად უნდა ჩამოირეცხოს, თორემ კანს წვავს.
მკვდარ ზღვაზე არსებული დასასვენებელი კომპლექსის გარდა, ეგვიპტიდან იერუსალიმამდე დასახლებული პუნქტი არსად გხვდება. მიდიხარ უდაბნოში და რამდენიმე საათის შემდეგ, მთელი თავისი დიდებულებით იშლება იერუსალიმის ხედი.
ისრაელის მოლოცვითი ტურებისგან განსხვავებით, რომლებიც საქართველოდან ეწყობა, ეგვიპტიდან გაკეთებულ ტურებში, სანახავი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. თუმცა მოგზაურობა ბევრად იაფი ჯდება.
ტურისტული ქალაქიდან, შარმ ელ შეიხიდან, ისრაელში ჩასულებს აღდგომის ტაძარში ქრისტეს საფლავის, ასევე გოლგოთის მოლოცვის საშუალება აქვთ. შესაძლოა, რიგებშიც მოუწიოს მომლოცველებს დგომა, თუმცა დღესასწაულებისგან განსხვავებით, წმინდა ადგილებთან მიახლება უფრო გაადვილებულია.
იერუსალიმიდან პალესტინაში უპრობლემოდ გადადიან ტურისტები. ისრაელ-პალესტინის საზღვრის გავლის შემდეგ (არც იგრძნობა, რომ სხვა სახელმწიფოში შედიხარ), პირდაპირ ბეთლემში ხვდებით, სადაც მაცხოვრის შობის ადგილს მოილოცავთ. შობის ტაძარში ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მონასტერი ბერძნების მფლობელობაშია.