დღეს, "გურია ნიუსს", სოციალურ ქსელში, საფრანგეთიდან დაუკავშირდნენ. გოგა ჩხაიძე ოზურგეთელია და პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ჩხაიძემ შემდეგი სახის ინფორმაცია მოგვაწოდა:
"მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკამ მე და ჩემი ოჯახი პოლიტიკურ დევნილებად გვცნო. ამ წლის18 ნოემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკიდან, კერძოდ OFPRA-დან, მივიღეთ ოფიციალური დაზღვეული წერილი, რომელშიც ეწერა – ჟენევის კონვენციის 28 ივლისის 1951 დადგენილებით S.T. L.711-1 ბ.ნო გოჩა ჩხაიძე თქვენ მიგენიჭათ პოლიტიკური დევნილის სტატუსი", _ გვწერს გოჩა ჩხაიძე.
ოზურგეთელმა გოჩა ჩხაიძემ ოზურგეთი 2012 წელს დატოვა. მისი თქმით, მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი, რამაზ ნიკოლაიშვილი ემუქრებოდა.
"საქართველოდან ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. გახსოვთ, ალბათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ჩემი გამოსვლა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ დარბაზის სასწრაფოდ დატოვება მომთხოვა. ეს ყველაფერი გროვდებოდა. მანამდეც მითვლიდნენ ჩემი "კეთილისმსურველები", რომ დამეტოვებინა საქართველო" _ ასეთი კომენტარი გააკეთა 2012 წელს გოჩა ჩხაიძემ "გურია ნიუსთან".