დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გვერდი-გვერდ მდებარე სოფლების, ლიხაურისა და ჭანიეთის საერთო საჭიროების გზის, 350 მეტრიანი მონაკვეთის რკინა-ბეტონის საფარით გაკეთება დასრულდა. თითქმის, ნახევარსაუკუნოვანი პრობლემის მქონე, ჭანიეთის სასაფლაოზე ამავალი ციცაბო გზა, რომელიც სამანქანეა, თუმცა საცალფეხოდ თუ გამოიყენებოდა, კაპიტალურად გაკეთდა.
იგივე გზის ორივე მხარეს, სოფელ ლიხაურის მთა-გორიანი ნაწილის მოსახლეობაა განლაგებული. ყველას აქვს ციტრუსოვანთა პლანტაციები. როგორც ორივე სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მათი დიდი ხნის ოცნება ახდა, დაიგო რკინა-ბეტონის საფარი და ჭანიეთელებს სასაფლაოზე მისვლა არ გაუჭირდებათ, ლიხაურელებს კი შინ მისვლა-მოსვლა და მანდარინის მოკრეფაო.
გელა ვაშაყმაძე, ლიხაურის მცხოვრები: სიხარულით აღარ ვართ. ამ დაღმართზე წვიმიან ამინდში მაინც, გავლა არ შეიძლებოდა, ღელე კი არა, მდინარე მოდიოდა და მერე ყველა ეზოში გადადიოდა. წყლის შევარდნა რასაც ჰქვია, აქ იყო თუ იყო.
ლადო ბურჭულაძე, ლიხაურის მცხოვრები: ეს ჩვენთვის სასწაულია. რაც თვალი გავახილე, ეს ადგილი მახსოვს. აქედან წასვლას სიკვდილი მირჩევნია. აქვეა ამხელა სასაფლაო, ლიხაურის ისტორიული ციხე, დადიან ტურისტები. ბავშვებს სკოლაში წასვლა აღარ გაუჭირდებათ. მოკლედ, ძალიან გახარებული ვართ. აქ ისე გაჭედილი იყო მანქანები ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე, ადამიანს გული რომ შეუწუხდებოდა, ვინმეს ჭიშკრამდე ვერ მიგვყავდა, რომ წყლით მოგვესულიერებინა.
აღნიშნული გზის მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით დაიწყო და სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ოზურგეთის საგზაო სამმართველო“.