3 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც 40 დეპუტატი ესწრებოდა.
შვიდსაკითხიანი დღის წესრიგის პირველი და მეორე საკითხი 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს შეეხებოდა, რის შესახებაც, შესაბამისად, საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ამირან გირკელიძემ ისაუბრეს.
გია მამაკაიშვილმა განმარტა, რომ წლის განმავლობაში ხდებოდა ცვლილებები. შემოსავლების ზრდის ხარჯზე მოხდა ცვლილება, რომელიც ხელფასების გასასტუმრებლად არის საჭირო. ასევე, ზამთრის პერიოდისთვის აუცილებელი გახდა გამათბობლები. შესაბამისი ცვლილებაც ამიტომ დაიგეგმა. მამაკაიშვილმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ცვლილებებს გაგებით მოეკიდნენ.
_ ერთი სასიხარულო ამბავიც მაქვს _ ოზურგეთმა მიიღო დასუფთავების ახალი მანქანები, მალე უკაბელო ინტერნეტით ისარგებლებს მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ადმინისტრაციული ცენტრი და ასევე, თითქმის, გათვალისწინებულია ის წინადადებები, რომელიც დეპუტატებმა 2015 წლის ბიუჯეტის ირგვლივ წამოაყენეს, _ თქვა მამაკაიშვილმა.
დეპუტატთა კამათი გამოიწვია დღის წესრიგის მესამე საკითხმა _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების შესახებ, რომელიც დავით დარჩიამ წარმოადგინა.
დეპუტატმა ლელა საჯაიამ 131-ე მუხლის მეექვსე პუნქტის ცვლილება გააპროტესტა, რადგან დეპუტატების მიერ ამომრჩევლებთან თითოეული სხდომის შინაარსის, წერილობითი თუ ზეპირი სახით დაწვრილებით მიტანა უფრო ბიუროკრატიულ პროცესს წარმოშობდა და უმჯობესია, საკუთარი პრობლემების ირგვლივ ესაუბრონ, რაც აინტერესებს ხალხს, ამ ეტაპზე, მაინც.
"დემოკრატიული განვითარების კავშირის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ საკუთარი მოსაზრება გამოხატა:
_ საკრებულოს წევრს რომ ვირჩევთ, რა კრიტერიუმებით ავირჩიოთ, უნდა ვიცოდეთ. დეპუტატმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩააბაროს ანგარიში თავის ამომრჩეველს. ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმის იქნება ის, თუ რა გააკეთა დეპუტატმა და როგორი ფორმით წარდგება ხალხთან.
დეპუტატთა უმრავლესობამ ამ მუხლის მაინც უცვლელად დატოვება ამჯობინა, რაც კენჭისყრითაც დაადასტურეს.
მეოთხე საკითხს, რომელიც მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცებას შეეხებოდა, დებატების გარეშე უყარეს კენჭი, რადგან ბიუროს სხდომაზე უკვე განხილული და შეთანხმებული იყო.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოსაკრებლის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მხარეში ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იქნეს სპორტი და ტურიზმი. შპს "მარულა" უნდა იქნეს ლიკვიდირებული და გადავიდეს ახალ ა(ა)იპ-ში, რომლის სახელწოდება "სპორტისა და ტურიზმის ცენტრი" იქნება. ის ჩამოყალიბდება ძალიან კარგ ტერიტორიაზე და ასი პროცენტით ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "კოალიცია ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" გაუქმების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განმარტა:
_ იურიდიულ საკითხთა კომისიამ განიხილა მასალები ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" გაუქმების შესახებ. მასალები ცხადყოფს, რომ ფრაქცია წარმოადგენდა ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრთა გაერთიანებას, რომლებმაც მიიღეს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების გადაწყვეტილება ფრაქცია დატოვეს. კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს ფრაქცია "კოალიცია ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" გაუქმების შესახებ, _ თქვა დარჩიამ.
ფრაქციის გაუქმებას დეპუტატთა სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.