სამოქალაქო ოლიმპიადაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნინო ფასიეშვილმა გაიმარჯვა. ნინო გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პირადად დააჯილდოვა.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში, რომელიც ორგანიზაცია "მოქალაქემ" ჩაატარა, IX-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეთა რიცხვი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 000-ს აღემატებოდა.
ოლიმპიადა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრული იყო ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერას, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობას.
ოლიმპიადის ფარგლებში, შეფასდა სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო კომპეტენციის სამი ასპექტი: შემეცნებითი (დემოკრატიის არსისა და ადამიანის უფლებების ცოდნა _ რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ის პირობები, რომლებზეც ამ უფლებების დაცვაა დამოკიდებული); მონაწილეობითი (დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მზაობა, ანუ იმის ცოდნა, თუ როგორ დაიცვან ბავშვებმა საკუთარი უფლებები; მაგალითად, სკოლაში, როგორც მიკროსაზოგადოებაში, მოსწავლეთა თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა და სხვ.); კულტურული (მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის პატივისცემა, პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებისა და საზოგადოების წინაშე).