როგორც "გურია ნიუსში" უკვე ვწერდით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დეფიციტური ბიუჯეტის პარამეტრებში გარკვეული ცვლილებები მოხდა, რომელთა უმეტესობა ფაქტობრივი შემოსავლების გათვალისწინებით, სხვადასხვა მუხლების შიდა მონაცვლეობით გახორციელდა. 14 ათასი ლარით განისაზღვრა საურავებიდან საპროგნოზო შემოსავლების ზრდა.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, აქ მოხდა შემდეგი მუხლების ზრდა: საკრებულოს შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების მუხლი გაიზარდა 4580 ლარით; 5940 ლარით _ ტრანსპორტის ხარჯი; სადეპუტატო უფლებამოსილებისთვის განკუთვნილი თანხა კი _ 4580 ლარით; 6000 ლარით მოხდა მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ზრდა; ხოლო სხვა საქონელისა და მომსახურების მუხლი _ 11 500 ლარით, აქედან, 5000 ლარი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი _ ინფრასტრუქტურის პროექტების საექსპერტო მომსახურებისთვის.
დათხოვნილი თანამშრომლების კომპენსაციის დაფარვას 40 ათასი ლარი დაემატა, სარეზერვო ფონდი კი 3 000 ლარით გაიზარდა; სახანძრო-სამაშველო სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდს დაემატა 3 100 ლარი, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების მუხლს _ 2 400 ლარი. ასევე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შტატგარეშეთა ანაზღაურება 1 765 ლარით, ხოლო სოცუზრუნველყოფის მუხლი 6 635 ლარით გაიზარდა.
ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ "გურიას", სასტუმროსა და კვების ვალის დასაფარად 68 ათასი ლარი დაემატა, ხოლო სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება 1000 ლარით გაიზარდა.
აღნიშნული ხარჯების ზრდა გახორციელდა ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლების შემცირების ხარჯზე. კერძოდ, გამგეობის შრომის ანაზღაურების ფონდი 118 ათას 450 ლარით შემცირდა, ხოლო გამგეობის არაფინანსური აქტივები _ 8800 ლარით. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდს 4500 ლარი დააკლდა, მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირებას _ 750 ლარი, ხოლო საკუთარი ხარჯებით ქვიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის თანადაფინანსება 12 ათასი ლარით შემცირდა.
ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის #34 განკარგულებაში მიმდინარე წლის შვიდი ნოემბრის ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მშენებლობის დაფინანსება შემცირდა 9376 ლარით, რითაც ამდენივეთი გაიზარდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხოლო წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის განკუთვნილი 11 999 ლარი გადამისამართდა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად. რაც შეეხება აჭარის მთავრობის მიერ გამოყოფილი 20 ათასი ლარიდან დაუხარჯავი 14 816 ლარი უკან დაბრუნდა.