გაიცანით: სპეციალურად პოლიციის სამსახურისთვის შექმნილი, მაღალი გამძლეობის, და სრული ამძრაობის მქონე ამერიკული სედანი Ford Interceptor, რომელიც ათწლეულებია, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის პოლიციას ემსახურება. ეს არის ავტომობილი, რომელსაც პოლიციის გარდა ვერავინ შეიძენს და რომელიც სპეციალური, მაღალი გამძლეობისა და პოლიციის ეკიპაჟებისთვის სრულყოფილი უსაფრთხოების კომპლექტაციით იწარმოება – მანქანა, რომელშიც გათვლილია ყველაფერი, რაც პოლიციის თანამშრომელს პატრულირებისთვის, ოპერატიული რეაგირებისთვის და სხვადასხვა მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება.
Ford Interceptor სრული ამძრაობით აღჭურვილი ავტომობილია, ანუ 4×4 და უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, მუდმივი AWD. თანაც საკმაოდ მაღალი კლირენსი აქვს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უგზოობის გარკვეულ პირობებშიც უნდა გამოდგეს. Interceptor-ს დამოუკიდებელი წინა საკიდარი აქვს – წინა და უკანა სტაბილიზატორებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მთელი სიმძლავრის ერთი ბორბლისკენ მიმართვა შეუძლია, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ, სახელდობრ, თუ სამი ბორბალი მოყინულ გზაზე აღმოჩნდება და მხოლოდ ერთს ექნება ხეირიანი მოჭიდება, ავტომობილი ასეთი მდგომარეობიდან თავს დაიძვრენს!
Interceptor სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ბოლიდია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ”ფორდის” სპეცმობილს წინ გაძლიერებული ბამპერი აქვს, რაც არა მარტო ვიზუალური დეტალი, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი დეტალია – ავტომობილის ჩარჩო 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს!
სპეციალური, მაღალი გამძლეობის, არასერიული საბურავები და დისკები ბორდიურზე სწრაფად ავარდნას უპრობლემოდ გაუძლებს. საბარგულის კარის გახსნა მხოლოდ გასაღებით, ან მძღოლის სამუშაო მაგიდიდანაა შესაძლებელი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სპეცოპერაციის დროს ვინმემ საბარგულის გახსნა შეძლოს – იქ ხომ ტექნიკა და იარაღი იქნება შენახული. საბარგულში არის სპეციალური, თუთიის ვარირებადი სათავსო თავისი გაგრილების სისტემით, რომელიც ტექნიკის გადახურებას გამორიცხავს.
ავტომანქანის უკანა ნაწილი, ანუადგილი სადაც დაკავებული პიროვნება უნდა აღმოჩნდეს. პირველი, რაც უნდა ვთქვათ ისაა, რომ არაა აუცილებელი Ford Interceptor-ის სალონის უკანა ნაწილში დაკავებულ პიროვნებას ვინმე მიუჯდეს. კარის დახურვის შემდეგ, ფაქტობრივად, წინასწარი დაკავების საკანში მოხვდები – ვერც კარს გააღებ, ვერც მინას ჩამოსწევ და პოლიციის ეკიპაჟისგან სპეციალური, მაღალი გამძლეობის გამჭვირვალე ბარიერით ხარ იზოლირებული. უკანა რიგის სავარძელი ვინილგადაკრულია და თუ დაისვარა (რაც პოლიციის ავტომობილის შემთხვევაში ხშირად ხდება), ადვილად გაიწმინდება. უკან, რა თქმა უნდა, არ არის არც კარის პანელები, არც ჯიბეები, დინამიკები ან ჭიქის დამჭერები.
პოლიციისთვის განკუთვნილი დამატებითი აღჭურვილობა Ford Interceptor-ში, რა თქმა უნდა, ქარხნულადაა შესრულებული. დამატებითი აღჭურვილობებიდან, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს 220-ამპერიანი გარდამქმნელი და მაღალი გამძლეობის აკუმულატორი, რომელსაც მომსახურება არ სჭირდება. 220-ამპერიანი გენერატორი აკუმულატორს მუხტავს და დამატებითი ენერგიით კვებავს ავტომობილის მთელ ელექტროობას. შესაბამისად, როცა ყველა განათება ჩართულია, რაც პოლიციის ავტომობილის შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება, აკუმულატორი სწრაფად აღარ დაჯდება. Ford Interceptor ასევე აღჭურვილია მაღალი გამძლეობის სამუხრუჭე დისკებითა და ხუნდების დამჭერით. აქვეა კრუიზკონტროლი, მუხრუჭების ჰიდრავლიკური დახმარების ფუნქცია, წინა და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, ABS, Tracion Control, პოსტავარიული განგაშის SOS-სისტემა და საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა.
მისი ძრავა მძლავრი, 3,7-ლიტრიანი აგრეგატია, სიმძლავრე კი არც მეტი, არც ნაკლები, 305 ცხენის ძალა გახლავთ. მიადგამ თუ არა მარჯვენა პედალს, ”ფორდი” წამიერად თითქოს ჩაისუნთქავს, მერე კი რაკეტასავით მიექანება! ჩვენ 230 კმ/სთ-ის განვითარება გავბედეთ და Interceptor ასეთ მაღალ სისწრაფეზეც კი მაქსიმალურად მყარ მოჭიდებას ინარჩუნებდა და ცხადი იყო, რომ მანქანას მეტიც შეეძლო. მოხვევა ამხელა სედანისთვის შეძლებისდაგვარად პირდაპირია, საჭის რეაქცია – აბსოლუტურად ადეკვატური.
გადაცემების გადართვა შეუმჩნევლად, დროულად ხდება და თუ არ ჩავთვლით თავდაპირველ, წამიერ ”ჩასუნთქვას”, პაუზა თითქმის არ არსებობს. გაძლიერებული სამუხრუჭე სისტემა სპეციალური დისკებითა და ხუნდების დამჭერებით თავის საქმეს მოსალოდნელზე უკეთესად აკეთებს. პოლიციის ავტომობილი დრამატულ რეჟიმშიც კი რეაქტიული უნდა იყოს და Ford Interceptor-ის შემთხვევაში ეს სწორედ ასეა. მოსახვევში შესვლისას ავტომობილის საპასუხო რეაქცია შესაბამისია. ასე რომ, მართალია, პოლიციას დღეს დევნა აღარ სჭირდება, მაგრამ თუ მაინც საჭირო იქნება, Interceptor-ს ტრასაზე მხოლოდ სუპერსპორტული ავტომობილი თუ გაასწრებს.
ამ ”ფორდს” მხოლოდ ერთი მინუსი შეიძლება ჰქონდეს: საწვავის ხარჯი. ავტომატური კოლოფი და 3,7-ლიტრიანი ძრავა თავისას მოითხოვს. მანქანა ტესტირებისას ჯერ კიდევ გასახმარისების რეჟიმში იყო, ამ დროს საწვავის ხარჯი უფრო მეტია ხოლმე და არც ბორტკომპიუტერის ნდობა შეიძლება. ქარხნულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ამგვარად მოტორიზებული Interceptor ქალაქში 100 კილომეტრზე საშუალოდ 12,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ჩვენი ვარაუდით, რეალურ ცხოვრებაში ხარჯი ოდნავ მეტი იქნება და ”ფორდის” სპეცბოლიდი ქალაქში, აგრესიულად მართვისას, 14-14,5 ლიტრს მაინც ”გადაჰკრავს”.