ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე დანიშნეს კონკურსის მესამე ეტაპის _ გასაუბრების თარიღი. საკონკურსო/საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით გასაუბრება 22 დეკემბერს დაიწყება და 6 დღის განმავლობაში _ 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში 137 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადი 488 კანდიდატმა შეიტანა. მათ შორის: გამგეობის 123 ვაკანსიაზე 416-მა კანდიდატმა, ხოლო საკრებულოს 14 ვაკანსიაზე 72-მა კანდიდატმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, 392-მა აპლიკანტმა სრულად დააკმაყოფილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გადავიდა ტესტირების ეტაპზე, ხოლო 98 კანდიდატს მიეცა ორი სამუშაო დღის ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
_ 18-მა აპლიკანტმა აღმოფხვრა ხარვეზი და საერთო ჯამში კონკურსის ტესტირების ეტაპზე 410 კანდიდატი გადავიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ 2014 წლის 13-14 დეკემბერს ტესტურ გამოცდებში მონაწილეობა 368 კანდიდატმა მიიღო. გამოცდაზე არ გამოცხადდა 42 კანდიდატი. ბარიერი გადალახა და გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 309 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპზე ვერ გადავიდა 59 კანდიდატი, _ აღნიშნა ჭანუყვაძემ.
მისივე ინფორმაციით, გასაუბრების დროის, ადგილისა და თარიღის შესახებ აპლიკანტებს სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობებათ.
საკონკურსო/საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს მიიღებს.
ამავე თემაზე: "კვირის თემა" _ ციებ-ცხელება გასაუბრების მოლოდინში