ბათუმის სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ ბოლო თვეების განმავლობაში სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს.
"ამა წლის 22 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრის გადმოცემით, #8 და #3 დაწესებულების თანამშრომლებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებული კონკრეტულად ადანაშაულებს სასჯელაღსრულების #3 დაწესებულების თანამშრომელს, მინდია მალაყმაძეს.
ბრალდებულის განმარტებით, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანისთანავე მან ითხოვა სამედიცინო დახმარება, რაზეც მიიღო უარი. პასუხად, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა მინდია მალაყმაძემ აგრესიულად მიმართა ბრალდებულს და დაემუქრა, რომ შიმშილობის გამოცხადებისათვის პასუხს აგებდა. ასევე, ბრალდებული აცხადებს, რომ აიყვანეს საკანში, სადაც არ იღებოდა ფანჯარა, არ მოდიოდა წყალი და იყო უჰაერობა.
ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას გიორგი ოქროპირიძე უშედეგოდ სთხოვდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
25 სექტემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, მაგრამ ბრალდებულს არ მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ასევე, იგი ამაოდ ითხოვდა და ითხოვს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან ყოველ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს უწევს დღეში ცამეტი საათი მგზავრობა ბათუმიდან თბილისამდე და უკან, რათა დაესწროს სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის მიერ სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე – ვენტილაციისა და წყლით მომარაგების პრობლემა. პატიმართა საბადრაგო ავტომანქანებში არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ვენტილაცია, კაბინაში სივიწროვეა, სკამებს აქვს მყარი ზედაპირი, რაც ხანგრძლივი მგზავრობისას იწვევს ფიზიკურ ტკივილს", _ აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს: საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს #8 და #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, განხორციელდეს ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასწრაფო გადაყვანა ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა ბრალდებულმა შეძლოს სასამართლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა და დაცვის უფლების განხორციელება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს, გაატაროს შესაბამისი ზომები პატიმართათვის ჯანდაცვის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროზე, მთავარ პროკურატურაზე განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის უფლებების დასაცავად.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ციხეებში აღარავის სცემენ და აღარავის აწამებენ.
"ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ციხეებში არავის აღარ სცემენ და აღარ აწამებენ. თუმცა ერთეულ ინფორმაციებზე, რომელიც ვრცელდება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, შედეგი ჯერ დადებული არ არის და დადასტურებული არც ერთი ინფორმაცია არ არის. ყველა საქმეს, რომელზეც გამოძიება არ არის დაწყებული, სწავლობს გენინსპექცია. შესაძლოა, ორ ადამიანს შორის ჩხუბი მოხდეს, ეს იქნება თანამშრომელს და მსჯავრდებულს შორის, მსჯავრდებულსა და მსჯავრდებულს შორის, თუმცა ამაზე მკაცრი რეაგირება აქვს სამინისტროს", _ აცხადებს მინისტრი.
რაც შეეხება თავად გიორგი ოქროპირიძის საქმეს, მინისტრი ამბობს, რომ პატიმრებს სახელებითა და გვარებით არ იცნობს და ეს მისი ვალდებულება არც არის.
ცნობისთვის, გიორგი ოქროპირიძეს ბრალად, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, 2014 წლის 2 სექტემბერს, ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა ედება.