ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხოვრებ ლალი ტუღუშის ოჯახს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და მისმა მოადგილემ, გოგი ფაცაციამ ახალმოსახლეობა მიულოცეს და საჩუქრად სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, პროდუქტები და ტკბილეულობა გადასცეს.
მეწყერისგან დაზარალებული ტუღუშების ოჯახი 8 წლის განმავლობაში სხვის სახლში ცხოვრობდა, ახლა კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათ სახლი შეუძინა.
8-სულიანი ოჯახი, რომელშიც 5 არასრულწლოვანია და სოციალურად დაუცველთა კატეგორიაშია, ახალ სახლში ორი დღის წინ გადავიდა:
_ 8 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით სხვის სახლში. საკუთარი ჭერი სანატრელი გვქონდა. წელიწადნახევრის წინ მეუღლე დამეღუპა, 6 თვის წინ 33 წლის შვილი, რომლის ორი ობოლი ჩემი მეურვეობის ქვეშაა. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა _ სიხარულისგან სიტყვებს ვერ ვპოულობ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სოზარს ასეთი სიხარულისთვის, რომელიც ჩემს ოჯახს მიანიჭა, _ აღნიშნა ქალბატონმა ლალიმ ჩვენთან საუბრისას.
სოზარ სუბარის ინფორმაციით, ტუღუშების ოჯახს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საშუალება მისცა, სახლი და ადგილი, რომელსაც სამინისტრო შეუძენდა, თავად შეერჩიათ.
სახლი, რომელსაც 1 ჰექტარი ხეხილიანი ეზო და სათევზე მეურნეობისთვის აუზიც აქვს, ტუღუშების საკუთრებაშია.