შემოსავლების სამსახურის აუდიტორული დასკვნა საკმაოდ მკაცრია. უფრო მეტიც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამის სტრუქტურებს თემით დაინტერესებას სთხოვს.
დასკვნის თანახმად, ხშირ შემთხვევებში სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული იყო ისეთი პარამეტრები, რომელთა საჭიროება არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა და მორგებული იყო კონკრეტული პრეტენდენტის ინტერესებზე.
შედეგად ტენდერებში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რითაც ავტომატურად გამოირიცხებოდა კონკურენცია და ფასის კლება.
მაგალითად: 8 ერთეული მსუბუქი ავტომანქანისა და 2 ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის ავტომობილების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (SPA120008684) სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში ავტომობილის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე უნდა ყოფილიყო შესაბამისად – 4473/1740/1640 მმ, ძრავის მოცულობა – 1400 სმ3, 16 სარქველი, 4 ცილინდრი, საბურავის ზომა – 175/70R14, ფერი – თეთრი. ჯიპის ტიპის ავტომანქანის შემთხვევაში სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შესაბამისად 4410მმ/1820მმ/1685მმ, ძრავის მოცულობა – 2000 სმ3, 16 სარქველი, 4 ცილინდრი, საბურავის ზომა – 225/60R17, ფერი – თეთრი და ა.შ.
"გაუგებარია თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა ავტომანქანების ზომების მილიმეტრებში წინასწარ განსაზღვრა, ან სარქველების რაოდენობის, საბურავების ზომების თუ ფერის მითითება სატენდერო დოკუმენტაციაში. შედეგად ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა – „ჰიუნდაი საქართველომ“ რომელთანაც ტენდერში გამარჯვების საფუძველზე 2012 წლის 18 აპრილს გაფორმდა N1/334 ხელშეკრულება ღირებულებით 269.7 ათასი ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 274.0 ათას ლარს)" _ აღნიშნულია დასკვნაში.
400 ერთეული სანაგვე ყუთის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (SPA120012207) სატენდერო დოკუმენტაციაში საქონლის ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას გამოყენებულია ისეთი პარამეტრები როგორიცაა: მოცულობა (70 ლიტრი), ზომები (420×870მმ), მასალის შემადგენლობა (12მმ პერფორირებული ფოლადი თუთიის გარე საფარით), ფერი (RAL5002), საღებავი (პოლიეთერის ფხვნილის საღებავი) და სხვა. გაუგებარია რა აუცილებლობას წარმოადგენდა სანაგვე ყუთის მოცულობის და ზომების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა ან ფერის დაფიქსირება.
შედეგად ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა – შპს „ქლიარმა“, რომელთანაც ტენდერში გამარჯვების საფუძველზე იმავე წლის 28 მაისს გაფორმდა N1/461 ხელშეკრულება, სავარაუდო ღირებულების შესაბამის თანხაზე – 112.0 ათას ლარზე დღგ-ს გარეშე (ერთი ერთეული 280 ლარი დღგ-ს გარეშე). დღგ-ს ჩათვლით ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 132.2 ათასი ლარი (ერთი ერთეული 330.4 ლარი).
საოფისე ავეჯის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების (SPA120012188, SPA120019836 და SPA120022650) სატენდერო დოკუმენტაციაში მისაწოდებელი საქონლის პარამეტრები (ზომა, ფერი, კონსტრუქცია და სხვა) განსაზღვრული იყო შპს „ტეხო ჯორჯია ლიმიტედის“ მიერ იმპორტირებული საოფისე ავეჯის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით. შესაბამისად ზემოაღნიშნული ელექტრონული ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე შპს ,,ტეხო ჯორჯია ლიმიტედთან“ გაფორმდა ხელშეკრულებები (N1/546 – 19.06.2012, N1/668 – 17.08.2012, N1/755 – 03.10.2012) რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 803.1 ათასი ლარი. ამასთან SPA120012188 ელექტრონულ ტენდერში 33.1 ათასი ლარით უფრო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი (შპს „ბ-ბ ჯგუფი-2009“) დისკვალიფიცირებული იქნა იმ მოტივით, რომ მისი სატენდერო წინადადება ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ ხელოვნურად შექმნილ პარამეტრებს.
დისკვალიფიკაცია განხორციელდა იმის გამო, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნით ავეჯი დამზადებული უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით ერთი მწარმოებლის მიერ. შპს „ბ-ბ ჯგუფი-2009-ის“ მიერ შემოთავაზებული საოფისე ავეჯის შემადგენელი დეტალების შესყიდვა კი ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან და ადგილზე წარმოებდა მათი აწყობა. ზემოაღნიშნულმა მოთხოვნამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მიმართ არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.
2012 წლის 2 ივლისს შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA120018418) 7 ერთეული „რესეფშენის“ ოვალური მაგიდის შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 127.4 ათასი ლარით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა – შპს „რემონტალმა“, რომელთანაც 2012 წლის 1 აგვისტოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვაზე N1/643 ღირებულებით 127.4 ათასი ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლები. 2012 წლის 17 აგვისტოს შეთანხმების ოქმის საფუძველზე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით მაგიდების რაოდენობა შემცირდა 6 ერთეულამდე, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 109.2 ათასი ლარით დღგ-ს ჩათვლით (ერთეულის ფასი – 18.2 ათასი ლარი).
შემოსავლების სამსახურის მიერ ეტაპობრივად გადახდილია 108.4 ათასი ლარი (მიმწოდებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურები წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულთან შედარებით 0.8 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე). ანალოგიურად, ელექტრონულ ტენდერში (SPA120015628 – შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 72.8 ათასი ლარი) გამარჯვების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა იმავე შპს „რემონტალთან“ 2012 წლის 11 ივლისს გააფორმა ხელშეკრულება N1/604 იგივე სახეობის საქონლის (4 ერთეული „რესეფშენის“ მაგიდა) შესყიდვაზე.
სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 72.0 ათასი ლარით (რომელიც ეტაპობრივად გადახდილი იქნა). როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით გაირკვა შპს „რემონტალი“ არ წარმოადგენდა აღნიშნული საქონლის არც მწარმოებელს და არც იმპორტიორს. მას მაგიდები (ორივე ხელშეკრულებით მისაწოდებელი 10 ერთეული) შეძენილი აქვს ი/მ „დავით ღვინცაძისგან“ 140.0 ათას ლარად დღგ-ს ჩათვლით. შპს „რემონტალს“ და ი/მ „დავით ღვინცაძეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (N27, 06.08.2012წ.) მიხედვით საქონლის მიწოდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა რეგიონალურ სტრუქტურებში უნდა განეხორციელებინა ი/მ „დავით ღვინცაძეს“.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გაურკვეველია, შემოსავლების სამსახურის მიერ როგორ იქნა განსაზღვრული ზემოაღნიშნული ელექტრონული ტენდერების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები, რამაც საშუალება მისცა არამწარმოებელ კომპანიას გაემარჯვა ტენდერებში და ადგილობრივ ბაზარზე არააუცილებელი (არასაჭირო) შუამავლობის გზით 40.4 ათასი ლარით გაეზარდა რეალური საბაზრო ფასი, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის საკუთარი სახსრები არაეკონომიურად არის გახარჯული.
2012 წლის 4 აპრილს შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA120010363) პორტალ სადახლოს ტერიტორიაზე 31 ერთეული ბილბორდის განთავსების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 68.0 ათასი ლარით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა, რომელთა მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი სატენდერო წინადადების ფასები: შპს „ექსპოგრაფი“ – 41.5 ათასი ლარი, შპს „კომბიტექი“ – 42.0 ათასი ლარი და შპს „რემონტალი“ – 67.3 ათასი ლარი. ყველაზე დაბალი ფასის მქონე შპს „ექსპოგრაფს“ ფასების ცხრილის კორექტირებისთვის მიეცა 2 დღის ვადა, მაშინ როცა შესაძლებელი იყო კანონმდებლობით დაშვებული 3 დღის ვადის მიცემა.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ფასების ცხრილის კორექტირების არ განხორციელებისთვის შპს „ექსპოგრაფი“ დისკვალიფიცირებული იქნა (თუმცა გაუგებარია რაში გამოიხატებოდა ფასების კორექტირება, როცა ერთი სახეობის საქონლის მიწოდებას ჰქონდა ადგილი). შემდეგი დაბალი ფასის მქონე შპს „კომბიტექს“ ფასების ცხრილის დაზუსტებისთვის მიეცა არაგონივრული ვადა (1 დღე) და დაევალა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენა (აღნიშნული მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო გათვალისწინებული). სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შპს „კომბიტექიც“ დისკვალიფიცირებული იქნა. შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „რემონტალი“, რომელთანაც 2012 წლის 24 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება N1/454 ღირებულებით 67.3 ათასი ლარი.
ვინაიდან ორმა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა წარმოადგინა დაახლოებით ერთნაირი სატენდერო წინადადების ფასი, რომელიც მნიშვნელოვანი ოდენობით ნაკლები იყო გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასზე, სატენდერო კომისიას უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ტენდერი და გამოეცხადებინა ახალი ტენდერი (შემცირებული სავარაუდო ღირებულებით) იმ მოტივით, რომ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის (შპს „რემონტალის“) სატენდერო წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. შედეგად ზემოაღნიშნული შესყიდვის დროს არაეკონომიურად გახარჯულია 25.8 ათასი ლარი.
2013 წლის 13 ნოემბერს შემოსავლების სამსახურსა და შპს „ეკოფრეს“ შორის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA13023543) გამარჯვების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება N2/74 ღირებულებით 175.0 ათასი ლარი (დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ერთი კომპლექტი ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარის მიწოდება და მონტაჟი (რომელიც მოიცავდა გარკვეულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებსაც) საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების მიხედვით დანადგარის ღირებულება შეადგენდა 140.0 ათას ლარს, ხოლო მონტაჟის ღირებულება 35.0 ათას ლარს.
აღსანიშნავია, სატენდერო დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის ვალდებულება. ხარჯთაღრიცხვა არ ახლავს არც ხელშეკრულებას და არც მიღება-ჩაბარების აქტს. შესაბამისად გაურკვეველია თუ რისგან შედგება სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება (35.0 ათასი ლარი) და რამდენად შეესაბამება რეალობას. შედეგად დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნა. ზემოაღნიშნული სახის ხარვეზების გარკვევის მიზნით სხვა რამდენიმე რისკის შემცველ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურის მიერ მომწოდებლებისგან გამოთხოვილი იქნა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები.
კერძოდ, შპს „ქლიარისგან“ (ხელშეკრულება N1/461, 28.05.2012 ფარგლებში), შპს „იბერ-სისგან“ (N1/163, 21.02.2012 ხელშეკრულების ფარგლებში), შპს „გრინ პროჯექტისგან“ (N1/48, 13.01.2012 და N1/531, 14.06.2012 ხელშეკრულებების ფარგლებში) და შპს „პიკ კონსტრაქშენისგან“ (N1/598, 11.12.2013 ხელშეკრულების ფარგლებში). აღნიშნული კომპანიების მიერ დოკუმენტები წარმოდგენილი არ იქნა. მიზანშეწონილი იქნება საკითხის შემდგომი შესწავლა შესაბამისი სტრუქტურების მიერ.
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის N670 განკარგულებით შემოსავლების სამსახურს მიეცა უფლება პორტალ „ყაზბეგის“ (საბაჟო-გამშვები პუნქტის) სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2012 წლის 19 აპრილს შემოსავლების სამსახურსა და შპს „ფერს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N1/341 ღირებულებით 9,889.6 ათასი ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლები. 2013 წლის 12 სექტემბრის შეთანხმების ოქმი N6-ის საფუძველზე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 9,817.6 ათასი ლარით.
ხელშეკრულების საწყისი ვარიანტის მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის მიხედვით ყოველი ეტაპის დასრულებისას მიმწოდებელი ვალდებული იყო დაენიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებისა და მოცულობის შემოწმების მიზნით. 2012 წლის 16 ივლისის შეთანხმების ოქმი N1-ის საფუძველზე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით აღნიშნული მოთხოვნა გაურკვეველი მიზეზით შეცვლილი იქნა და მიმწოდებელს დაევალა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნა მხოლოდ სამუშაოთა მოცულობის შემოწმების მიზნით.
2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „ფერის“ მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია აღნიშნული ობიექტის სამშენებლო სამუშაოების 14 ეტაპის შესრულებულ სამუშაოთა აქტები (ფორმა N2-ები), რომელთაგან დადასტურებულია და მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია მხოლოდ 12 ეტაპის სამუშაოების შესრულებაზე ღირებულებით ჯამურად 6,937.6 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტები დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, რომელთა მიხედვითაც შემოწმებულია მხოლოდ სამუშაოთა მოცულობები, ხოლო სამუშაოთა ერთეულების ღირებულებები განსაზღვრულია საპროექტო სავარაუდო ღირებულებების შესაბამისად (და არა ფაქტობრივი ღირებულებებიდან გამომდინარე).
დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტების ღირებულების შესაბამისი თანხა (6,937.6 ათასი ლარი) შემოსავლების სამსახურის მიერ ანაზღაურებულია ეტაპობრივად (მეშვიდე-მერვე, ასევე მეათე-მეთერთმეტე ეტაპები წარმოდგენილი და ანაზღაურებულია გაერთიანებულად). შპს „ფერის“ მიერ წარმოდგენილი მე-13 და მე-14 ეტაპის შესრულებულ სამუშაოთა დაუდასტურებელი აქტების (ფორმა N2-ების) ღირებულება შეადგენს 2,811.6 ათას ლარს (ასევე საპროექტო სავარაუდო ღირებულებების შესაბამისად დათვლილი). სულ მომწოდებლის მიერ მოთხოვნილი თანხა შეადგენს 9,749.2 ათას ლარს.
ექსპერტიზის დასკვნებში დადასტურებულია, რომ ფორმა N2-ებში მოცემული შესრულებული სამუშაოების ერთეულის ღირებულებები შეესაბამება საპროექტო ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ ერთეულის ღირებულებებს. ამასთან ერთად დაფიქსირებულია, რომ „ერთეული ღირებულებები ექსპერტიზის მიერ შესაძლებელია გაკორექტირდეს შრომითი ხელშეკრულებების, ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების წარმოდგენის შემთხვევაში. ფორმა N2-ის ღირებულება შეიძლება შეიცვალოს სატრანსპორტო მომსახურებისა და საიჯარო (ამწე, მანქანა-მექანიზმები, ხარაჩო) ხელშეკრულებების შესწავლის შემდეგ“. აქედან გამომდინარე ექსპერტიზის ზემოაღნიშნული დასკვნები არ წარმოადგენს შესრულებული სამუშაოების რეალური ღირებულების სრულყოფილ შეფასებას (რაც თვითონ დასკვნებშია აღიარებული).
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გამარტივებული შესყიდვის დროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, აგრეთვე ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება უნდა დაერიცხოს ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში, ხოლო დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების დარიცხვის გარეშე.
ასევე დამონტაჟებული დანადგარების და მოწყობილობების თვითღირებულებაზე გეგმური მოგების დარიცხვის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი გარემოება: სამშენებლო კომპანიის მიერ ეს დანადგარები და მოწყობილობები უშუალოდ მწარმოებლისგან არის შეძენილი, თუ საშუამავლო კომპანიის საშუალებით.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 13 ნოემბრის N21-02/87680 წერილით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, რათა წარმოედგინა ინფორმაცია შპს „ფერის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებებისა და მოცულობის შესახებ ფაქტობრივი ხარჯების გათვალისწინებით და იმ პირობით, რომ ერთეული სამუშაოების ღირებულება არ გასცდენოდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ მონაცემებს (მათ შორის გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოები).
ბიურომ 2013 წლის 19 ნოემბრის N5004809413 წერილით აცნობა შემოსავლების სამსახურს, რომ ჩატარებული იქნა დამატებითი ექსპერტიზა ფაქტიური ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, მაგრამ შპს „ფერის“ მიერ დოკუმენტები წარდგენილი იქნა არასრულყოფილად. ხოლო წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.
წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა (ზემოაღნიშნული პირობებით) წარმოადგენდა ახალი ექსპერტიზის ჩატარების საგანს და მოითხოვა მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები.
კერძოდ, ერთი დასკვნის მიხედვით შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 9,749.2 ათას ლარს, ხოლო მეორე მიხედვით კი 9,250.0 ათას ლარს (რის გამოც შემოსავლების სამსახურის მიერ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელებული არ არის). ორივე დასკვნების შესაბამისი ფორმა N2-ების შემოწმების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ მშენებლობაში გამოყენებული სხვადასხვა მასალების ღირებულებები ფორმა N2-ებში ჩადებულია ვითღირებულებასთან შედარებით გაზრდილი ოდენობებით. გაანალიზებული იქნა თანხობრივად მნიშვნელოვანი ცალკეული პოზიციების მასალების ფასები და გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები.
მაგალითად, ექსპერტიზის მეორე დასკვნის შესაბამისად წარმოდგენილი ფორმა N2-ების მიხედვით 1მ3 (B25) ბეტონის ფასი დღგ-ს გარეშე შეადგენს 173.6 ლარს, მაშინ როცა რეალური საბაზრო ფასი მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული ცნობარების, ინტერნეტ საიტებისა და სხვადასხვა მომწოდებლებისგან მიღებული ინფორმაციების მიხედვით არ აღემატება 120.0 ლარს (დღგ-ს გარეშე).
სხვაობა გამოყენებულ 2,387.92 მ3 ბეტონზე გაანგარიშებით შეადგენს 128.0 ათას ლარს. 1 ცალი სამშენებლო ბლოკის (20X20X40) ფასი ფორმა N2-ების მიხედვით დღგ-ს გარეშე შეადგენს 1.65 ლარს, მაშინ როცა რეალური საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე არ აღემატება 1.0 ლარს. სხვაობა გამოყენებულ 20,815.0 ბლოკზე გაანგარიშებით შეადგენს 8.5 ათას ლარს.
ტერიტორიის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე 1მ2 ბეტონის ფასი ფორმა N2-ების მიხედვით დღგ-ს გარეშე შეადგენს 42.39 ლარს, მაშინ როცა რეალური საბაზრო ფასი დღგ-ს გარეშე არ აღემატება 30.0 ლარს (იმ გათვლით რომ 120.0 ლარის ღირებულების 1მ3 ბეტონი მოაწყობს 0.25მ სისქის 4მ2 საფარს). სხვაობა მოწყობილ 17000 მ2 ბეტონის საფარზე გაანგარიშებით შეადგენს 210.6 ათას ლარს. სულ სხვაობების ჯამმა შეადგინა 347.1 ათასი ლარი.
სატრანსპორტო ხარჯების (3%), ზედნადები ხარჯების (6%), გეგმური მოგების (6%) და დღგ-ს (18%) დარიცხვების გათვალისწინებით სხვაობა შეადგენს 474.0 ათას ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტებით ასევე გაირკვა, რომ გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების და საქვაბის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოები შესრულებული აქვს ქვეკონტრაქტორ შპს „თბილსერვის გრუპს“. შპს „ფერისთვის“ წარდგენილი ფორმა N2-ების მიხედვით შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 351.5 ათასი ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შპს „ფერის“ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ფორმა-2-ების მიხედვით (ექსპერტიზის მეორე დასკვნის შესაბამისად – ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვა N1-7) დაფიქსირებულია 346.7 ათასი ლარის ოდენობით (დღგ-ს გარეშე), რომელზეც შესაბამისად დარიცხულია დღგ.
კანონმდებლობის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით დღგ-ის გარეშე (ანუ ღირებულებაზე, რომელიც მოიცავს დღგ-ს, დარიცხვა არ შეიძლება განხორციელდეს). ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა განისაზღვროს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით (რომელზეც ხორციელდება დარიცხვები), შპს „თბილსერვის გრუპის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შპს „ფერის“ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ფორმა N2-ში უნდა ასახულიყო 297.9 ათასი ლარის ოდენობით (351.5/1.18). სხვაობა შეადგენს 48.8 ათას ლარს. დღგ-ს გათვალისწინებით სხვაობა შეადგენს 57.5 ათას ლარს.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ექსპერტიზის მეორე დასკვნით შეფასებული მშენებლობის მთლიანი ღირებულება (9,250.0 ათასი ლარი) შესამცირებელია მინიმუმ 531.5 ათასი ლარით (474.0+57.5).
აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს ცალკეული პოზიციების მიხედვით დათვლილ მიახლოებით რიცხვს. სრულად შეფასებისთვის საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება ფაქტობრივი ხარჯვის დოკუმენტებზე დაყრდნობით ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით (რის შესაძლებლობასაც მოკლებულია აუდიტის ჯგუფი14). ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მასალების შესყიდვის დოკუმენტებში ჩადებული ტრანსპორტირების ფასები ფაქტობრივ ხარჯებში არ უნდა იქნას ჩათვლილი, რადგან ტრანსპორტირების ხარჯები დანარიცხის სახით არის ჩადებული ფორმა N2-ებში.