"ხუთშაბათს, 8 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან (დავით აღმაშენებლის გამზ. 75, ვარდების ბაღის გვერდით, მეტრო "მარჯანიშვილი") ვიკრიბებით, რათა შევუერთდეთ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას #JeSuisCharlie (მე ვარ შარლი)" _ ამ მოწოდებით სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდია გაკეთებული.
"ჩვენ ვიზიარებთ ფრანგი ხალხის მწუხარებას პარიზში, 7 იანვარს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული 12 ადამიანის გამო და ვგმობთ გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვისკენ მიმართულ ძალადობას.
8 იანვარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, თანადგომას და სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს.
გთხოვთ, მოიტანოთ ყვავილები და სანთლები, რათა პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას" _ აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი.
ფრანგული მედიის ცნობით, "კალაშნიკოვებით" შეიარაღებულ თავდამსხმელებს სახელზე ნიღბები ეკეთათ და ჯიჰადისტებისთვის ჩვეულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.
თავდასხმამდე ცოტახნით ადრე სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.