გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსის” აღსრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება.
“ნარჩენების მართვის კოდექსი” 15 იანვრიდან ამოქმედდება. კანონი საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს. კოდექსში გაწერილი შესაბამისი რეგულაციების გამოყენებით გარემოს ნარჩენებით დაბინძურება აღარ მოხდება.
“ნარჩენების მართვის კოდექსის” თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც სხვადასხვა სახის ნარჩენებს, ეს იქნება სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა, ფანჯრიდან გადაყრიან.
საპატრულო პოლიცია არის ზედამხედველი ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამართალდარღვევას აღკვეთს. ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი მგზავრი ჯარიმდება. საპატრულო პოლიცია ასევე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, როცა მოქალაქის მხრიდან ნარჩენების უტილიზაციის მცდელობა იქნება ამისთვის არადადგენილ ადგილზე ან არადადგენილი წესით.