"ბიძინას შეუძლია გაყიდოს საკუთარი ზვიგენი და არა ტექნოლოგიური უნივერსისტეტი", „სად არის მისი დაპირებული უმაღლესი სასწავლებელი", „იგი ვერ იტანს ვერაფერს რაც მის ხელისუფლებას არ უკავშირდება" – ასეთი შეძახილები ისმოდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობასთან, რომლის გაყიდვის შესახებაც, ბოლო დღეებში მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს.
საპროტესტო აქცია ბათუმში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის განკუთვნილ შენობასთან მოაწყო, რომელიც სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში აშენდა და უნივერსიტეტის გახსნა ვერ მოესწრო.
აქციის მონაწილეების განცხადებით, უნივერსიტეტის გაყიდვის უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფუნქციონირების წინააღმდეგია.
ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით, რომელიც მან ორი დღის წინ გააკეთა, 5 კომპანია დაინტერესებულია, რომ ეს შენობა შეიძინოს და ხუთივე მათგანს სასტუმრო ბიზნესის განვითარება სურს. თუმცა, ამ დროისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება და შენობის ფასი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.