სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში საუბარი ჩვენებურ “ოპოზიცია-პოზიციის” წარმომადგენლებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიასაც გაგაცნობთ.
ივლიანე ხაინდრავა:
პრაღაში ვართ მე და ლევან ბერძენიშვილი. იმ პერიოდში ფერ-ხორცი არ აკლდა. ლევანმა ეს ქალაქი ჩემზე კარგად იცოდა და წამოდი, კარგი ლუდი უნდა დაგალევინოო. მივედით, ადგილები დავიკავეთ, ლუდი შეკვეთის გარეშე მოგვიტანეს და მენიუს ვათვალიერებთ. ყველა კერძს გვერდზე ეწერა, რამდენ პერსონაზე იყო გათვლილი. მოვიდა ოფიციანტი და ერთ კერძს დავადე თითი, ეს მინდა-მეთქი. გვერდზე ეწერა, რომ ერთ ადამიანზე იყო გათვლილი. ლევანმაც თითი ატაკა მენიუს:
– ეს მინდა!
ჩავხედე, წერია “იხვი”, ხოლო გვერდზე მითითებულია, რომ ოთხ პერსონაზეა გათვლილი. ვიფიქრე, ვერ ხვდება-მეთქი. ეხლა, ჩემი მხრიდან შენიშვნა ეწყინებოდა და ოფიციანტს ხმამაღლა ვეკითხები:
– ეს კერძი რამდენ პერსონაზეა გათვლილი?
– ოფიციანტმა ორივე შეგვათვალიერა:
– რომელმა შეუკვეთეთ?
– ამან, – დავანახვე კარგად მოსუქებული ლევანი.
– მაშინ, ერთ პერსონაზე.
მთელი იხვი შეჭამა! რამდენი ვეხვეწე და გემოც არ გამასინჯა!
ზვიად ძიძიგური:
“თავის დროზე მთელმა საქართველომ გაიგო, რომ კობა დავითაშვილი და ლევან ბერძენიშვილი ვაშლის დიეტაზე იყვნენ. მალე 150 კილოგრამიანი კობა 110 კილოგრამი გახდა. ბერძენიშვილმა დაკლებული წონა შეინარჩუნა, მაგრამ დავითაშვილს ნებისყოფა არ ეყო. კობამ გახდომის ყველა მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ ამაოდ. ერთი პერიოდი ელენე გიორგაძის სისტემის ერთგული იყო, წონაში დაკლებაც დაიწყო და ცოტა ხანში ვხედავ, ისევ იმატებს. გაკვირვებული ვეკითხები:
– რა არის, დიეტამ არ გიშველა?
– მიშველა, მაგრამ ერთი კვირის წინ სხვა სკოლას მივაგენი და ვარიანტი არაა, ვუღალატო.
– რა სისტემის დიეტაა?
– რაც შეიძლება მეტი ხორცი უნდა ჭამო”.
თინა ხიდაშელი:
„ერთმა მეგობარმა, ვინაობას არ ვიტყვი, ფაქსის აპარატი იყიდა და საკმაოდ ძვირი გადაიხადა. ახლა, ჩვენც ვიყიდეთ ოფისისთვის ფაქსის აპარატები 200 დოლარის ფარგლებში, ხოლო იმას 800 დოლარამდე მიუცია.
– ასეთი რა აპარატია? – დაგვაინტერესა.
– სუპერ – აპარატია, ფანტასტიკა!
– გვაჩვენე, თუ ღმერთი გწამს, – გადავირიეთ.
მივედით, ვნახეთ, ხან აქედან ვათვალიერებთ, ხან იქიდან, ჩვეულებრივის შთაბეჭდილებას სტოვებს.
– რა შეუძლია? – ვეკითხებით.
– ყველაფერი! – სახე უბრწყინავს ბედნიერებისგან. – ამისთანა ერთი ცალი შემოსულა საქართველოში და ისიც მე ვიყიდე.
– მაინც რა? – ჩავაცივდით.
– რა და თარგმნა.
– ეგ როგორ? – პირი დავაღეთ.
– გამყიდველმა მითხრა, თურმე ქართულ ტექსტს რომ გაუშვებ, ღილაკით ენას შეარჩევ, რომელიც გინდა, ფაქსი გადათარგმნის, კორექტურასაც გააკეთებს და ისე გაგზავნის.
აგვიტყდა სიცილი, ვეღარ ვჩერდებით. თავადაც დარწმუნდა რომ მოატყუეს. სიმწრისგან კედლებზე დადიოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვკითხე:
– რა ქენი, მოძებნე მთარგმნელი ფაქსის გამყიდველი?
– ვერა, ასე მითხრეს, მომღერალი ფოტოაპარატის გაყიდვის შემდეგ აღარ გამოჩენილაო.“
დავით უსუფაშვილი:
„1990 წლის შემოდგომაა. წინასაარჩევნო პერიოდია. ცსკ-ას წევრი ვარ. საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. იურიდიულ საკითხებს ვკურირებ და ყველა სამართლებრივი დავა ჩემს ხელში გადის. ერთ დღესაც სამსახურში მივდივარ და დაცვაში მაფრთხილებენ:
– ბატონო დავით, სჯობს, არ შეხვიდეთ, ქალბატონი მანანა არჩვაძეა მოსული სერიოზული პრეტენზიებით და ხალხიც მოიყვანა.
მაინც შევედი. დერეფანშივე მომესმა მისი ხმა, რომელიც ჩემი ოთახიდან გამოდიოდა:
– სასწრაფოდ მომიყვანეთ აქ ის იურისტი უსუფაშვილი!
– გამარჯობათ, – მივესალმე, – მე გახლავართ იურისტი უსუფაშვილი. დაწყნარდით და ისე ვისაუბროთ, – შევეცადე, დამემშვიდებინა.
– მაგას ვერ ეღირსებით! – მიყვირა.
ჩხუბით დაწყებული კამათი საშიშ ფაზაში შევიდა. ვგრძნობ, ხეირს არ დამაყრიან. “მრგვალ მაგიდას” ეჭვი გასჩენოდა, რომ არჩევნებზე მოსაწვევი ბარათები მარტო კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებს დაურიგდებოდათ და ამაზე ცხარობდნენ.
მე ჩემსას ვამტკიცებ, ქალბატონი მანანა არჩვაძე – თავისას, და სიბრაზის ბოლო საფეხურზეა. უცებ, მზერა ჩემს უკან გადაიტანა და სახე დაუმშვიდდა. გამიხარდა, მეთანხმება-მეთქი და ლაპარაკის ტეპს მოვუმატე. ცოტაც და სრულიად დაწყნარებულმა ნაზად შესძახა:
– უიმე, ეს ყვავილი მეც მაქვს, მაგრამ კოკრები ვერ გამოვაღებინე!
დაბნეულმა მივიხედე, რაფაზე რაღაც ქოთნები ეწყო მცენარეებით. ასეთი რამეები არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ იმ წუთში სიყვარული “მომეძალა”.
– ამ ყვავილს, ქალბატონო მანანა, საკუთარი შვილივით ვუვლი! ბავშვობიდან ვგიჟდები ქოთნის მცენარეებზე და კვირაობითაც მოვდივარ სამსახურში, რომ მოვრწყა.
დადნა ქალი! რა არჩევნები, რის არჩევნები!
– მზე უფრო უყვარს თუ ჩრდილი? – გამიღიმა.
სიმწრის ოფლმა დამასხა!
– თანაბრად, – ძლივს ამოვღერღე, – ისე, დღისით ყოველ ერთ საათში ვატრიალებ, რომ მზის სხივი ფოთლებს თანაბრად მოხვდეს.
– რამდენჯერ რწყავ?
– ოთახის ტემპერატურას გააჩნია. – მოვნახე გამოსავალი.
– კარგი ბიჭია, – გახედა თავისიანებს. – ყვავილები ჰყვარებია და ცუდს არაფერს ჩაიდენს.