სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავების შემთხვევაში, გლეხებს სანქციები დაეკისრებათ.
ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდს ეკუთვნის და ის დამუშავების ეტაპზეა.
თუმცა, გათვალისწინებული იქნება თუ არა გლეხების ფინანსური მდგომარეობა და დაუწესდებათ თუ არა მათ შეღავათები, უცნობია.
მთავრობამ უკვე დაიწყო იმ ნაკვეთების აღწერა, რომელიც ამ დრომდე დაუმუშავებელია. გლეხები კი სანქციების ამოქმედებამდე დახმარებას ითხოვენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.
"იდეის დამუშავების დონეზე გვაქვს პროექტი, რომლის თაობაზეც აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ საბჭოს ფარგლებში და სერიოზულად განვიხილავთ საგადასახადო ნაწილში აგრარული მიწის სოფლის მეურნეობის დანიშნულებით არგამოყენების, ან უმოქმედობის შემთხვევაში გადასახადების გაზრდას: ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება იგივე პირობებში გვყავდეს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც უვლის მიწას", _ აცხადებს ოთარ დანელია.
ჯერჯერობით უცნობია ისიც, რა რაოდენობის ჯარიმა დაწესდება გლეხებისთვის მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში.
ეკონომიკური საკითხების ექსპერტების ნაწილი მთავრობის ამ ინიციატივას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა პრობლემას ვერც მოაგვარებს და დამატებით სხვა პრობლემებსაც შექმნის.