საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულების" რუსეთის ფედერაციის დუმის მიერ რატიფიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
2015 წლის 23 იანვარს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა 2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში მოსკოვსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელმოწერილ ე.წ. "ხელშეკრულებას".
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ყირიმის ოკუპაციის ტოლფასი "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. "ხელშეკრულების" რატიფიკაციის გამო და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რითაც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
"აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება წარმოადგენდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, გაფორმდეს აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკასთან ე.წ. "ხელშეკრულება" საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, არ შეიძლება წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგებს და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება", _ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე.
"საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად", _ აღნიშნავენ სამინისტროში.