საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 დოლარის ოფიციალური ფასი 1,9962 ლარია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი იმ პროცესებს ასახავს, რომელიც დღეს ქვეყნის ეკონომიკაშია.
"იმის მიუხედავად, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია, დღევანდელი მდგომარეობით, ფასების საერთო დონის მატებას ადგილი არ აქვს. მათ შორის იმიტომ, რომ მოქმედებს ისეთი პოზიტიური ფაქტორები, როგორიცაა ნავთობსა და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე მსოფლიო ფასების კლება, ასევე მოგეხსენებათ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში ლარი გაუფასურებული არ არის. ამიტომ, ეს ორი ფაქტორი ერთდროულად პოზიტიურ გავლენას ახდენს და ჯამურად, ინფლაციის საერთო დონე, ფასების საერთო დონე დღევანდელი მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები იზრდება და ფასების მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გაგრძელების შესახებ 11 თებერვალს იქნება მიღებული, როცა მონეტარული კომიტეტის სხდომა გაიმართება", – განაცხადა ქადაგიძემ.
იმაზე, რომ ლარის კურსი ქვეყნის ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას ასახავს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილიც საუბრობს.
"კურსი განსაზღვრავს ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას. თუ ლარი არის დოლართან მიმართებაში 1:2-თან და ასე გაუფასურდა, ეს იმიტომ, რომ პრობლემები არის ეკონომიკაში. პრობლემების ნაწილი გამოწვეულია გარე ფაქტორების გავლენით, რადგანაც რეგიონში ყველგან გაუფასურდა, მაგრამ არის შიდა პრობლემები. აქ ალბათ მაინც უნდა გავუსვათ ხაზი, პირველ რიგში, რომ დეფიციტი, რაც სავაჭრო ბალანსის დროს არის, გარკვეულწილად სხვა სახსრებით უნდა დაიფაროს. აქ სხვადასხვა მიმართულებებია, მაგრამ მთავარი, სადაც რეალურად უნარი უნდა შეწევდეს მთავრობას ან გარკვეულწილად ზეგავლენის საშუალება აქვს – ეს არის ინვესტიციების მოზიდვა.
ამიტომ, ჩვენ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ინვესტიციები გაიზრდება ქვეყანაში, გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ამ შემთხვევაში კურსიც ბევრად სტაბილური იქნება, ინფლაციასაც ნაკლები პრობლემა ექნება და ეკონომიკური ზრდაც იქნება. თუ მთავრობამ ინვესტიციების მაღალ დონეზე მოზიდვას თავი მოაბა, სავალუტო კურსის მიმართულებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ინფლაციური პროცესების შეჩერების მიმართულებით სერიოზული შეღავათი იქნება", – განუცხადა ჟურნალისტებს ონოფრიშვილმა..